ხულოში, მწვანე ტბაზე, მარათონი-ფესტივალი ჩატარდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის ერთობლივი ორგანიზებითა და დაფინანსებით, 9 ივნისს მწვანე ტბაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის მარათონი-ფესტივალი ჩატარდება.

როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი ტიპის ღონისძიებები: მარათონი გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბის მიმართულებით; ბაგირის გადაწევა და პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ სპორტის, სამართალდამცავი უწყებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ფოლკლორული კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი მიიღებს.

მარათონსა და ბაგირის გადაწევაში მონაწილეობა PH International-ის პროგრამის “ACPI – პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ პარტნიორი 12 სკოლის (დაბა ხულო, ხიხაძირი, ღორჯომი, რიყეთი, ქვემო ვაშლოვანი, დიდაჭარა, ქედლები, ოქრუაშვილები, მეკეიძეები, ბეღლეთი, ბოძაური, დანისპარაული) მე-9-ე, მე-10-ე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, ხოლო პრეზენტაციებზე დასწრება – ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

“პროექტის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები. მარათონი ხორციელდება მუნიციპალური პროექტის – „მარათონი-ფესტივალი მწვანე ტბაზე“ ფარგლებში. პროექტს მუნიციპალიტეტის მერია, პოლიცია, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

მუნიციპალური პროექტი ხორციელდება “ACPI – პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის ინიციატივა აჭარაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში ახორციელებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტნიორობით. ​პროექტის მიზანია ახალგაზრდების კეთილდღეობისა და უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობისთვის პოლიციის, სკოლის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის თანამშრომლობა და ერთობლივად, მცირე პროექტის განხორციელება”,-ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები