მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, 6–8 ივნისს, სამდღიანი ტრენინგების სერია – „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ გამართა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტრენინგის ხელმძღვანელმა, სანდრო სორდიამ შემდეგ საკითხებზე ისაუბრა: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები; თვითმმართველობის უფლებამოსილებანი; თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები და სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები.
ტრენინგებს ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო რგოლის წარმომადგენლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტრენინგი თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად.