ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი – მდინარე დევრა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.
„ამ დროისთვის, ჭუბერის მოსახლეობასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმე დამცავი ნაგებობა დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. საჭიროების მიხედვით, ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, გასულ წელს  ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარდა აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოეწყო ნაპირსამაგრი ნაგებობები.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, რომელიც შესაძლებელია, მოვიდეს 100 წელიწადში ერთხელ, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობასა და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა“, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შარშან სვანეთში, სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის შედეგად მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დაგუბდა, დაგუბებულმა წყალმა კი მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია და მდინარის პირას მდებარე სახლები წაიღო. დაინგრა მდინარეზე არსებული რამდენიმე ხიდი, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები