სოფელ ბაკიბაკოში დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ღონისძიება სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ქართული სიტყვისა და ხელოვნების ოსტატები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. სტუმრებმა მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები და ფოტოები დაათვალიერეს.
სტუმრები სხალთის ეკლესიასაც ეწვივნენ. ამის შემდეგ კი „სელიმობის“ მონაწილეებმა სერიყანაში დიდი მამულიშვილის თავკვეთის ადგილას გადაინაცვლეს. მათ ყვავილებით შეამკეს სელიმ-ბეგის მემორიალი (წარწერიანი ქვა) და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
„სტუმრებმა სერიყანიდან სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ბაკიბაკოს საჯარო სკოლის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც კულტურული ღონისძიება მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სელიმის დამსახურებაზე ისაუბრეს: ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებმა ფრიდონ ფუტკარაძემ და ლევან გორგილაძემ, პროფესორმა დავით დუმბაძემ,. მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს დიდაჭარის, სხალთის, ხიხაძირის და ვერნების ფოლკლორულმა და საოჯახო ანსამბლებმა, აგრეთვე ანსამბლმა “არგინეთმა” და „ბერმუხამ“. თხილვანის და ბაკიბაკოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები“,- აცხადებენ მერიაში.
“მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – 1815 წლის 3 ივნისს, როცა სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავს კვეთდნენ, მაშინ წარმოთქვა მან ეს ისტორიული სიტყვები.
ცნობისთვის, „სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა. ამ დღის შემდეგ, აღნიშნული დღესასწაული ღირსეული მამულიშვილის ამაგისა და ღვაწლის დასაფასებლად ყოველ წლიურად იმართება.