ირაკლი კობახიძე: გენერალური პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გენერალური პროკურორი კონკრეტული პროცედურის საფუძველზე შეირჩევა. რაც შეეხება იმას, რომ ამ თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურა განიხილება – კობახიძის თქმით, ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი.
„ვიდრე ამ პროცედურას არ გავივლით, მანამ გაგვიჭირდება რამე კონკრეტული განცხადების გაკეთება. ჯერ საპროკურორო საბჭოს დაველოდოთ. რაც შეეხება ზოგად კრიტერიუმებს – გენერალური პროკურორი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებლად უნდა ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ისეთი გენერალური პროკურორის არჩევას, რომელიც ასეთი პრინციპით იმუშავებს და რომელიც სათანადო კვალიფიკაციის მქონე, კეთილსინდისიერი ადამიანი იქნება.
​აქედან გამომდინარე, ამას მე მორიგ სპეკულაციას დავარქმევდი. სანამ ჩვენ პროცესის რამე ჩანასახი არ გვექნება, მანამ ადრეა ამაზე საუბრის დაწყება. გენერალური პროკურორი ქალიც და კაციც მისაღებია. მთავარია, პროფესიონალი იყოს და სათანადოდ შეასრულოს თავისი ფუნქცია. ნაადრევია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები