გივი მიქანაძემ ამერიკელ კოლეგასთან ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის უფროსი – გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის გენერალურ მდივანს, ფილიპ კიკოს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებმა გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურების თაობაზე და, ასევე, იმ რეფორმების შესახებ, რაც საკანონმდებლო ორგანოს გასაძლიერებლად პარლამენტის აპარატში მიმდინარეობს.
„ამ მხრივ, განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვით იმისთვის, რომ წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის უკვე ორ დელაგაციას მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. სწორედ ბატონი ფილიპ კიკოსა და „ღია სამყაროს” დამსახურებაა, რომ ეს შესაძლებელი გახდა”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტში ახალი კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე, პარლამენტის სასწავლო ცენტრში მიმდინარე რეფორმებსა და სტრატეგიის განხორციელებაზე. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ის აქტივობები, რომელიც ღია მართველობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში ხორციელდება და ის სერვისები, რაც ინერგება როგორც დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ასევე – განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კონგრესის აპარატს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, გივი მიქანაძემ ფილიპ კიკო საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
„ჩემი მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა უფრო სტრატეგიულ და უფრო რეგულარულ ფორმატში განხორციელდეს და შესაძლებელი იყოს ორი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციების გაცვლა და ექსპერტული მხარდაჭერა. ამ მიმართულების განსავითარებლად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის აპარატის უფროსს შევთავაზე, რომ წლის ბოლომდე ეწვიოს საქართველოს, სადაც უფრო დეტალურად გავაცნობთ მიმდინარე საქმიანობასა და განხორციელებული რეფორმები შედეგებს. ასევე, შევთავაზეთ, რომ მისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების უფრო მკაფიო გზები. ბატონი კიკო მიესალმა ჩვენს ამ ინიციატივას. გამოთქვა ძალიან დიდი დაინტერესება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საქართველოს პარლამენტის აპარატსა და კონგრესის ადმინისტრაციას შორის”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო კომუნიკაციასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე პარლამენტების ადმინისტრაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები