ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს სამოქალაქო სააგენტოდან აცნობეს, 4 ივნისს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ ქიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა, ლევან კარანაძემ ახალ სამუშაო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ოფიციალური ღონისძიება EASA-ს მმართველი საბჭოს შეხვედრის ფარგლებში კიოლნში შედგა.
ახალი შეთანხმება საავიაციო უსაფრთხოების სფეროში უწყებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების EASA-ს სისტემაში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ევროპული საავიაციო რეგულაციების დანერგვის კუთხით დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
ამასთან, მხარეების მიერ გაგრძელდება თანამშრომლობა ტექნიკური ზედამხედველობისა და ინსპექტირებების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს, ასევე, ექსპერტთა ურთიერთგაცვლას, სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობას EASA-ს სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში. ახალმა შეთანხმებამ საავიაციო ხელისუფლებებს შორის (EASA, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინამორბედი – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია) 2009 წლის 7 ივლისს გაფორმებული შეთანხმება გააუქმა.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების მოსალოდნელი რატიფიცირების გათვალისწინებით (ხელი მოეწერა 2010 წელს, რატიფიცირებულია საქართველოს და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ), მხარეებმა დადებითად და მნიშვნელოვნად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. შეხვედრაზე, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) პირველი პირი დადებითად გამოეხმაურა ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწეულ პროგრესს.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ICAO-ს აუდიტის მაღალი მაჩვენებლებით დასრულებას და ევროკავშირის SAFA-ს პროგრამაში აქტიურ ჩართულობას, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები ახორციელებენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ინსპექტირებას, ასევე, აღინიშნა ამავე პროგრამის ფარგლებში, ქართული ავიაკომპანიების შემოწმების კოეფიციენტების გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები