„დაბადებიდან შობამდე“ – რეზო ჯორბენაძის საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება

15 ივნისს, 19:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო მუსიკის საღამო „დაბადებიდან შობამდე“ გაიმართება.
სოლისტი – რეზო ჯორბენაძე (საქართველო-გერმანია).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის კონცერტი-ფიქრი, რომელშიც გამოყენებულია რეზო ჯორბენაძის მოთხრობები სადებიუტო კრებულიდან – „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი“.
მოდერატორები არიან – დავით ქაშიაშვილი, ანა წერეთელი, გიორგი გეთიაშვილი, ეკა ტალახაძე, გეგა აბაშიძე.
„თბილისის კონსერვატორიის მიერ გაკეთებული გვერდი თანდართული საინტერესო და გულთბილი ტექსტით. დიდი მადლობა თათა ცერცვაძესა და ნატა მეცხოვრიშვილს გაწეული მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, შალვა გურგენიძეს შემოქმედის ხედვით გადაღებული და ამ კონცერტისათვის ზედმიწევნით შესაბამისი სიმბოლური ფოტოს გადაღებისათვის“, – აღნიშნავს რეზო ჯორბენაძე.
რეზო ჯორბენაძე დაიბადა თბილისში 1980 წელს. მომავალმა მედიკოსმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 2005 წელს – გერმანიის ქალაქ ბონის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. თავდაპირველად იგი ბაიროითისა და ლაიფციგის გულის ცენტრების კარდიოლოგიურ განყოფილებებში მუშაობდა, ხოლო 2009 წლიდან დღემდე გერმანიის ქალაქ ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომელია, სადაც ქართველი ექიმი ერთ-ერთი უფროსი კარდიოლოგია.
ტუბინგენის უნივერსიტეტში დაცული დისერტაციის საფუძველზე მას 2011 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
რეზო ჯორბენაძე კლასიკურ მუსიკას ბებიამ, ლილი (ტატა) გრიგორაშვილმა აზიარა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი კვლავ მიუბრუნდა ფორტეპიანოს რევაზ ლაღიძის სახელობის მე-4 მუსიკალური სკოლის პედაგოგ მზია ნათაძის წყალობით, ვისთანაც იგი 1998-2002 წლებში მეცადინეობდა. გერმანიაში 2004 წელს წასული ახალგაზრდა ემიგრანტი მარტოდმარტო დარჩა მუსიკასთან პირისპირ და მას შემდეგ აუტოდიდაქტიკურად ეუფლება საფორტეპიანო ხელოვნებას. გამართული აქვს სოლო კონცერტები რევაზ ლაღიძის სახელობის მე-4 მუსიკალურ სკოლაში 1998 წელს, ხელოვნების მუშაკთა სახლში – 2000 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში – 2001 და 2002 წლებში, ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში – 2010 წელს, ასევე გერმანიის ქალაქ ტუბინგენის მუზეუმის ზილჰერის დარბაზში 2010 და 2019 წლებში.
როგორც თავად ამბობს, რომც არ უკრავდეს ან არ უსმენდეს მუსიკას, მუსიკა მაინც მისი არსების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მასთანაა. მედიცინასა და მუსიკასთან ერთად დღევანდელი სოლისტისათვის ლიტერატურაც განუყრელი სფეროა. რეზო ჯორბენაძე სკოლის ასაკიდან წერს მოთხრობებს, რომლებიც არაერთხელ დაბეჭდილა სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში. მისმა ნოველა „ტოსკამ“ 2017 წელს პირველი პრემია მოიპოვა რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში. ავტორის მოთხრობების პირველი კრებული „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი“  2019 წლის მაისში „არტანუჯმა” გამოსცა.
ხსენებული საღამო სწორედ კლასიკური მუსიკისა და ლიტერატურის სინთეზად არის ჩაფიქრებული და იმავე სახელწოდებას ატარებს, რასაც ავტორის ნოველების სადებიუტო კრებული. მუსიკოსი რეზო ჯორბენაძე შეეცადა, რომ მუსიკალური ნაწარმოებები მწერალ რეზო ჯორბენაძესთან ერთად მის ლიტერატურულ თხზულებებთან იდეურად შეერწყა და ასეთი ლიტერატურულ-მუსიკალური დაწყვილებით, სიტყვისა და ბგერის წყალობით მიეტანა მსმენელამდე ის ფენომენი, რასაც ადამიანის წუთისოფელი ჰქვია, რომელსაც დღევანდელი სოლისტი დაბადებიდან გარდასახვამდე, ანუ შობამდე უწყვეტობის ჯაჭვად აღიქვამს. ყოველი დასასრული ხომ თავის თავში დასაწყისს იტევს და პირიქით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები