ზესტაფონის საოლქო კომისიამ მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაჯამა
ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 53-ვე უბნიდან შემოსულ მონაცემებზე დაყრდნობით 19 მაისის მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაჯამა.
,,კომისიამ მიიღო და დაამტკიცა ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომლის შედეგადაც ზესტაფონის მერად არჩეულია გიორგი გოგლიჩიძე, ხოლო სანახშირეს N13 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატად არჩეულია ნუგზარ ფერაძე. შემაჯამებელ ოქმებს ჩვენ გადავგზავნით ადგილობრივ თვითმმართველობაში, რის შემდეგადაც, როგორც მერი, ასევე სანახშირეს მაჟორიტარი თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან”,- განაცხადა საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ვაშაყმაძემ.
შემაჯამებელ ოქმს ხელი 12-დან თერთმეტმა წევრმა მოაწერა. ენმ-ის წარმომადგენელმა ხელმოწერის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. ის ოქმის მიღების წინააღმდეგი იყო და დღის წესრიგში შესაბამისი შინაარსის ცვლილების შეტანას ითხოვდა, თუმცა მის პოზიციას მომხრე არ ჰყოლია.