მიხეილ სააკაშვილი კიევში ხვალ ჩავა

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ პირველ კომენტარს “რუსთავი 2”-თან აკეთებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, იგი ხვალ უკრაინის დედაქალაქში მიემგზავრება.
„მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ბევრი თანამებრძოლი. რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრი მიმართულია როგორც უკრაინაზე, ასევე – საქართველოზე. მე დავეხმარები უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ.
უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთი პოლიტიკური დევნა, როგორიც – საქართველოში. ივანიშვილი მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში და იგი ზუსტად ისევე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პირველად ჩადის მას შემდეგ, რაც მას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა.
2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები