ჭიათურელები “ენმ-ის “რუპორ” ნიკა გვარამიასგან” ბოდიშის მოხდას მოითხოვენ (ვიდეო)
ჭიათურელი მაღაროელები ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დირექტორისგან, ნიკა გვარამისგან იმ სტატუსის გამო ითხოვენ ბოდიშის მოხდას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. გვარამიას თქმით, მათ გაფიცულ მაღაროელებზე გული არ უნდა შესტკიოდეთ, რადგან “საკუთარი თავი ფეხებზე ჰკიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს?”.
მაღაროელები გვარამიას ამ სტატუსს პასუხობენ და აცხადებენ, რომ მან ამით ჭიათურელებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია.
“მთლიანად ჭიათურას მაგ ადამიანმა დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, ამიტომაც გავღიზიანდით. მაგ ადამიანზე აგრესია იმიტომ იყო, რომ ვინც ქართველ ხალხს ასე მოექცევა, შესაბამის რეაქციასაც მიიღებს ჩვენგან. კეთილი ინებოს და ჭიათურელებს ბოდიში მოუხადოს.
ყველას თავისი უფლება აქვს, ვისაც უნდა, იმას მისცემს ხმას. მაგათგან განსხვავებით, არ დავდევთ არავის და არ ვაიძულებთ, არჩევანი რომელიმე კანდიდატზე გააკეთონ. ვის რა არჩევანიც უნდოდა, ის გააკეთა. დიდი მადლობა მთავრობას, რომ ამ შემთხვევაში გვერდში დაგვიდგა.
როგორ შეიძლება, ქართველი ხალხი და მუშა ხალხი შეაფასო იმის მიხედვით, თუ რა არჩევანი გააკეთა.
ქალაქის მერსა და პოლიციას მადლობას ვუხდით. ჩვენ ვენდობოდით სახელმწიფოს თავიდანვე და შედეგიც სახეზეა. მინისტრებსაც ძალიან დიდი მადლობა და “მანგანეზის” წარმომადგენლობასაც”, – აცხადებენ მაღაროელები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, ისინი არცერთი პარტიის წარმომადგენლები არიან და მათი აქცია სრულიად იყო თავისუფალი პოლიტიკური შინაარსისგან. მაღაროელებმა ნიკა გვარამიას “წინა ხელისუფლების რუპორიც” უწოდეს და განაცხადეს, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, რადგან ძალადობრივ რეჟიმს ხმა არ მისცეს.
ჭიათურელების თქმით, მათ არჩევანი გააკეთეს იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც აღნიშნული პრობლემა მოუგვარა მაღაროელებს, რასაც, როგორც თავად აღნიშნავენ, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მედიაციით მოხდა ამ კონფლიქტის განმუხტვა.
აღსანიშნავია, რომ გვარამიას ამ განცხადების შემდეგ მაღაროელებმა აქციის გარკვეულ მომენტებში “რუსთავი2-ის” ჟურნალისტებს გაშუქების საშუალება არ მისცეს.