სემეკ-ში აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების თაობაზე იმსჯელეს
აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” სემეკი-დან აცნობეს, კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, სს „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
“სამუშაო შეხვედრაზე აჭარის რეგიონში ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მომარაგებისთვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე-1-ის“ რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და აღნიშნულის შესახებ მოსახლეობის კიდევ ერთხელ ინფორმირების აუცილებლობაზე.
აჭარის რეგიონის ელექტროენერგიის საიმედო მომარაგების შესახებ კომისიამ დღემდე არაერთი შეხვედრა გამართა. კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში, სადაც შეხვდნენ აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად იმსჯელეს ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების საკითხებზე, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე”, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.