ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ცენტრის მოწყობას კავკასიის ბუნების ფონდი და ევროკავშირის ენპარდის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია Mercy Corps დააფინანსებენ.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ხელშეკრულების თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ინტერიერი სრულად შეიცვლება და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერაქციული სივრცე, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს დაცული ტერიტორიების შესახებ.
„უკვე მომზადებულია კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორმა – ჯორჯ ჯიაკომინიმ და ორგანიზაცია Mercy Corps-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ქასრაშვილმა მოაწერეს“, – აცხადებენ სააგენტოში.