მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომლებიც მის დროს შეიქმნა და გაღრმავდა

სააკაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომლებიც 2007 წელს ეიქმნა და გაღრმავდა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, არსებობს ტერმინები: პოლიტიკური უტიფრები და პარადოქსი, თუმცა არცერთი მათგანი ისე არ ასახავს ოპონენტების საქციელს, როგორც უნდა ასახავდეს.
„არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ორ-ორი დღის ინტერვალში ქვეყნდება კვლევები, რომლებიც, სულ რაღაც, 30-40%-ითაა აცდენილი არჩევნების შედეგებს. კვლევები, ასევე, გვამცნობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი თურმე კატასტროფულად ეცემა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი დღითი დღე იმატებს. სერგი კაპანაძე და რომან გოცირიძე ჭიათურელი მშრომელების უფლებებზე საუბრობენ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ ჭიათურელები. „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს იცავს „ქართული ოცნებისგან“. კაკო ბობოხიძე ლაპარაკობს სიმშვიდეზე და მგლისა და კრავის იგავიდან თავს იყენებს კრავის როლში. სააკაშვილი ივანიშვილს აბრალებს „ატკატებს“ და დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომელიც მის დროს, 2007 წელს, პრაქტიკულად, შეიქმნა და გაღრმავდა.
შალვა შავგულიძეს პასუხი არ აქვს კითხვაზე, ბაჩო ახალაია არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი. მისივე განცხადებით, მან არ იცის გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების ვინაობა. ბოკერიას ლოგიკით, ლადო კახაძე არის უპრინციპო, იმიტომ, რომ მან შეიცვალა პარტია, თუმცა შავგულიძე არის პრინციპული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შავგულიძე ბოკერიას გვერდით დგას. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უფრო ვრცელი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები