დავით მათიკაშვილი: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელს იხდიან, ბაჩო ახალაია და ივანე მერაბიშვილი და არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა?!

„გირგვლიანის ადვოკატისგან თავის არიდება კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები, არის ამორალური“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, გუშინ შალვა შავგულიძისგან უმძიმესი მოსასმენი იყო, რომ თავი აერიდებინა კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები.
„გუშინდელი დღის შემდეგ დადგა ძალიან საინტერესო პოლიტიკური რეალობა, უმძიმესი მოსასმენი იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, თუმცა ამჟამად ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გუნდის წევრისგან, შალვა შავგულიძისგან ყოვლად უსუსური მცდელობა, თავი აერიდებინა ერთ ძალიან მარტივი, ამავდროულად წყალგამყოფი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხისგან, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები. კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი იყო განცხადება, რომელიც შალვა შავგულიძემ გააკეთა მედიასთან, სადაც თქვა, რომ მას არ ახსოვს და არ იცის, რის გამო იხდის ბაჩო ახალაია სასჯელს, ხოლო ვანო მერაბიშვილზე ახსენა ე.წ. გაყვანის ეპიზოდი, რაზეც ევროსასამართლომ პირდაპირ, ცალსახად მიუთითა, ამ საპროცესო ეპიზოდს არანაირი კავშირი არა აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულ არსებით ბრალდებებზე, რომელზეც არაერთი განაჩენია დამდგარი. ეს შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია ამ პასუხმა, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ „ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე. ყველა პირისთვის, ვისაც ასე თუ ისე შეეხო იმ ხელისუფლების მსახვრალი ხელი, შოკი იყო იმ პოზიციის მოსმენა, რა პოზიციაც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ გუშინ დააფიქსირა. საინტერესოა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელს იხდიან იმ მრავალ პირთან ერთად ბაჩო ახალაია და ივანე მერაბიშვილი, ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, შალვა შავგულიძე, როდესაც უშუალოდ ახორციელებდა სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ადვოკატირებას, ამბობდა, არამხოლოდ შემსრულებლები, დამკვეთებიც უნდა დაისაჯონო.
„დიახ, დამკვეთებზე იყო საუბარი. დღეს მას არ ახსოვს და არ იცის, ვინ იხდის მსჯავრს სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ეს უეცარი გულმავიწყობაა, თუ შეგნებული მცდელობა, თავისთვის, პოლიტიკურად, სუბიექტურად არასახარბიელო პასუხი არ გასცეს მედიას და პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ან შეინარჩუნოს ამ პოზიციით. ჩემთვის გასაგებია, რომ ჩემი კოლეგები გიგა ბოკერია, ოთო კახიძე, ისინი ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი, მიუღებელია, ვემიჯნები, მაგრამ გასაგებია და პოლიტიკურად ახსნადია, რადგან მათი პოლიტიკური ხაზი ამ იდიომის გარეშე არ არსებობს, რადგან ისინიც, ცხადია, რაღაცა ფორმით იყვნენ იმ კონიუნქტურის ნაწილი, რომელიც ქმნიდა ამ სისტემას, რომელმაც თავის მხრივ, შეიწირა სანდრო გირგვლიანი. სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, შალვა შავგულიძისგან, რომელიც სწორედ ამით გაიცნო საზოგადოებამ, მისგან პირველი თავის არიდება კითხვაზე, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები და საუბარი იმაზე, რომ მან არ იცის, რისთვის იხდიან ისინი მსჯავრს, არის უბრალოდ ამორალური”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, აპირებს ოპოზიციონერ კოლეგებს გადასცეს სია იმ დანაშაულებისა და იმ განაჩენებისა, რომელიც სანდო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არსებობს.
„მინდა, ჩემს კოლეგებს, „ევროპულ საქართველოს” გადავცე ეს ჩამონათვალი და ვუთხრა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც არის ბრალდებული სანდრო გირგვლიანის საქმეზე”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის ინიციატივის განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებმა დავით მათიკაშვილმა და ვანო ზარდიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელ შალვა შავგულიძეს დაუსვეს კითხვა, თვლის თუ არა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრებად.
„იურიდიულ კომიტეტზე ახლა განიხილება ჩემი და ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრებს არ გაგაჩნიათ არგუმენტი ამ წინადადების არ მიღებისთვის, მაგრამ გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, პოლიტპატიმარი არის თუ არა მავანი და ასე შემდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას” აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს კლანთან. ვერ ხვდებით, რომ იურიდიულ კომიტეტზე არ განიხილება ვანო მერაბიშვილის საქმე. მე რომ მერაბიშვილისა და ახალაიას უსამართლობას ვებრძოდი, მათიკაშვილო, შენ სად იყავი მაშინ? ან შენ სად იყავი, ზარდიაშვილო? არსებობდით საერთოდ ამ ქვეყანაზე?”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
გუშინ „ინტერპრესნიუსის შეკითხვას: არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები, საარჩევნო ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ასე უპასუხა:
„ბაჩო ახალაია არ ვიცი, ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ეს თავად „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავად „ევროპულმა სასამართლომ” აღიარა, რომ მის მიმართ გამოყენებული მოქმედებები არ იყო განპირობებული მართლმსაჯულებიდან გამომდინარე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები