„ქართული დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია, უნდა გადაიქცეს ქართულ სათვისტომოებად“

ქართული დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია, უნდა გადაიქცეს ქართულ სათვისტომოებად, – ამის შესახებ ნიუ-იორკში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხეიძემ და „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს.
„გუშინ ჩატარდა ფორუმი. ეს არის დიასპორული ყოველწლიური ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. ლაიტმოტი, ფორუმის იდეა ძლიერი დიასპორის თემა იყო . ჩვენ ჩვენი რეკომენდაციებით ,სურვილებით, გარკვეული ნამუშევრით, ხელისუფლებისადმი შეთავაზებებით ჩამოვედით. ძლიერი დიასპორა არის ძლიერი სათვისტომო. სათვისტომო ეს არის ჩამოყალიბებული სტრუქტურა, მექანიზმი. ჩვენი ასოციაცია „თვისტომის“ მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ გაბნეული, არაორგანიზებული ემიგრაციისგან ერთიანი, ძლიერი სისტემა ჩამოაყალიობოს, რასაც ძლიერი სათვისტომო ჰქვია. სათვისტომო კი თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ასპექტს. ეს არის ერთიანი ლოკალური განსახლების, ერთიანი მედიასისტემის სივრცის შექმნა, მედიასაშუალებების ქონა, გარკვეული სერვისების (სოციალური, იურიდიული, ჯანდაცვის) მიწოდება თავის წევრებისათვის. არა მარტო ამერიკული ემიგრაციის, არამედ ზოგადად ემიგრაციის დიდი პრობლემაა ინფორმაციული ვაკუუმი, ემიგრაციას არ აქვს პრობლემა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში ან სხვაგან. მთავარი პრობლემა არის ის, თუ რა ხდება მის ირგვლივ , იმ ადგილსამყოფელ ქვეყანაში, სადაც იმყოფება. არ აქვს თავისი მედიასაშუალება, პრესა, რადიო, ტელევიზია. ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მოძრაობა, ჩამოვაყალიბეთ მედიაცენტრი, უკვე ეთერშია რადიო „თვისტომი“, პარალელურად ერთიანი სატელევიზიო არხის შექმნაზე ვმუშაობთ. ეს იქნება ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც youtube-ის და facebook-ის არხებს გამოიყენებს“- განაცხადა ჩხეიძემ.
მან პროექტ „გეორგიას“ შესახებაც ისაუბრა.
„გეორგიას“ პროექტი დაიწყო „ქართულ-ამერიკულმა რესპუბლიკურმა ალიანსმა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ამერიკელ მეგობრებთან ერთად. ალიანსის იდეა იყო ის, რომ ქართული ემიგრაცია არ იყო ჩართული აქტიურად ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ჩამოვაყალიბეთ პროექტი „გეორგია“ , რომელიც ებრაული „მოშავის“ ანალოგია . მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი იქნება ის საფუძველი, რაც მისცემს საშუალებას ქართველ ემიგრაციას, რომ ღირეულად დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და ჩაერთოს იმ პროცესებში , რაც მიმდინარეობს ქვეყანაში“- განაცხადა ჩხეიძემ.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი წარმატებული ემიგრანტი გვყავდეს.
„ქართული დიასპორა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში , მათ შორის ამერიკაში არსებობს , უნდა გადაიქცეს ქართულ სათვისტომოებად , რომ მიიღოს ორგანიზებული სახე. ამას ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს ამ სათვისტომოებში მცხოვრები საზოგადოების წევრებისთვის, რომელთაც საშუალება უნდა შეექმნათ იმ ქვეყნებში სადაც ცხოვრეობენ, მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულნი სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში, იყვნენ საჭირო და მოთხოვნადი ადამიანები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ემიგრანტი ბევრი გვყავდეს, რომლებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ თავის ისტორიულ სამშობლოზე, საქართველოზე იზრუნონ. გადავწყვიტეთ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობა შეგვექმნა, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. მიზანი იყო ის, რომ ძალიან მყარი და კარგი კომუნიკაციის საშუალება გვქონოდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ორმა საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს ერთმანეთის შესახებ, მეტი საერთო იპოვოს. სამწუხაროდ, მარტო თეთრი სახლიდან მიღებული ინფრომაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია შეექმნას ამერიკულ სოციუმზე. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა, ოკუპანტების მიერ წარმოებული პროპაგანდა, ხშირად ნათლად ჩანს იმაში, რომ ამერიკის წარმოჩენა სურთ, როგორც ყველანაირი უბედურების სათავე , რაც სინამდვილეში ასე არ არის. ასევე შევქმენით პროექტი „გეორგია“ , ემიგრანეტებს, ვისაც ექნებათ სურვილი დაბრუნების , გაუჩნდეთ შესაძლებლობა , საქართველოში ჰქონდეთ ყველა პირობა , რომ დაბრუნდნენ , თავიანთი ცოდნა საკუთარ სამშობლოს მოახმარონ“- განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები