ჭიათურის მაჟორიტარი: სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული

„სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მცდელობა იყო, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული“, – ეს განცხადება ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
„დასრულდა 11-დღიანი დაძაბული და ემოციური დღეები. მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იყო გარკვეული მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომ პროცესი გამხდარიყო უმართავი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენი მოქალაქეების დაპირისპირება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გაფიცულ მაღაროელს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერება და არ დაუშვეს არცერთი პროვოკაციული ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ანალიზი – სად იყო დაშვებული შეცდომები, სად იყო იგნორირებული მაღაროელთა ინტერესები, რამაც პროცესი უკიდურეს ფორმამდე – შიმშილობამდე მიიყვანა. ვფიქრობ, დასაფიქრებელია ეს მოვლენა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს, რომ მშრომელ მაღაროელებს ჰქონდეთ უკეთესი შრომის პირობები, უსაფრთხო სამუშაო გარემო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შრომის ანაზღაურება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი სისხლის გადასხმაც შეიძლება იყოს ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი განვითარების დინამიკურ პროცესს“, – განაცხადა მახათაძემ.
ცნობისთვის, 15 მაისს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები