ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში სახეზე იყო ისევ რევოლუციური სცენარის განხორციელება

„ზუგდიდში ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი აინტერესებდა, გარდა ზუგდიდის არჩევნების შედეგისა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ძიძიგურმა 19 მაისის შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა.
„სახეზე იყო ისევ რევოლუციური სცენარის განხორციელება, სახეზე იყო მცდელობა, რომ როგორმე არეულობა მომხდარიყო. ერთადერთი ქალაქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი ტიპის სცენარი იყო შემოთავაზებული, ეს იყო ზუგდიდი. სხვაგან ყველგან მშვიდად ჩაიარა არჩევნებმა. მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე, მაგრამ იქაც ყველაფერი პოლიტიკური სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალებიდან 27 წლის შემდეგ ისევ გვაქვს კითხვაზე პასუხი გასაცემი: ყველანი განვიხილავთ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუ ისევ რევოლუციებზე, სამხედრო გადატრიალებებზე ვფიქრობთ? ეს 2020 წლის არჩევნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველი პარტიიდან დაწყებული და ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში არავითარი რევოლუციისა და სამხედრო გადატრიალების მოხდენა აღარ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ამას მეტად ვეღარ გაუძლებს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები