ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

ახალციხის (რაბათის) ციხეზე დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, სადაც ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად – შემეცნებით, გასართობ და საგამოფენო სივრცეებად იყო დაყოფილი.
დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებს, გამოფენებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს.
ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოწყობილი იყო საბავშვო კუთხეები, სპეციალურად მათთვის „თოჯინების თეატრის“ წარმოდგენები გაიმართა. ციხის ზედა ნაწილში, საგამოფენო სივრცე ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციებს აერთიანებდა. გაიმართა კინო ჩვენება, გაცოცხლებული ნახატების პერფომანსი, თანამედროვე კლასიკური ბალეტის ეტიუდები, არიები ქართული ოპერიდან, ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები, ნოველები ქართული სპექტაკლებიდან და ელექტრონული მუსიკა ჯაზბენდის შესრულებით.
სტუმრებს, ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული ტყე-პარკების საინფორმაციო სტენდების დათვალიერებისა და ლექცია-სემინარებზე დასწრების საშუალება ჰქონდათ. თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ პრეზენტაციებით წარსდგნენ ახალცხის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები.
ქართული ბაზრისა და საგამოფენო სივრცეებში ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა.
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები – ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში. მოეწყო ველოტური, შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები და მერიის სტიპენდიანტები კი ტრადიციულად სერთიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჯგუფი „ალილო“ და რომან რცხილაძე, ბენდთან ერთად. ზეიმი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები