ხულოს დრამატული თეატრი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს
ხულოს დრამატული თეატრი გასტროლით უკრაინაში იმყოფება. ქალაქ ლუკაჩევოში მეოცე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში დასი სპექტაკლს “სვავი” ითამაშებს. ფესტივალში საქართველოდან მხოლოდ ხულოს დრამატული თეატრი მონაწილეობს.
როგორც “კვირასთან” საუბრისას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – როინ სურმანიძე ამბობს, გარდა თეატრალური წარმოდგენისა, დასი ადგილობრივებს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მომზადებულ ვიდეორგოლებსა და ფლაერებსაც წარუდგენს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასისთვის ასეთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ადგილობრივებს სპექტაკლის გარდა ვუჩვენებთ რეგიონის ვიდეორგოლებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ადგილობრივებს დავურიგებთ ძალიან ბევრ ფლაერებსა და ბუკლეტებს, რისი საშუალებითაც გაეცნობიან მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პოტენციალს”, – განაცხადა როინ სურმანიძემ.
ფინანსური მხარდამჭერი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაა.