მარტვილში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ჩატარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ სრულიად საქართველოსა და მარტვილელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
„26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. სრულიად საქართველოსა და ყველა მარტვილელს ვულოცავ ამ ეროვნულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. ყველას ვუსურვებ სიკეთეს, ბედნიერებასა და გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებას“, – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
„მარტვილის მუნიციპალიტეტში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: მარტვილის ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები და დაღუპულთა ხსოვნის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში მოეწყო სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, ასევე, საჯარო ბიბლიოთეკამ მოაწყო 26 მაისის ამსახველი ფოტომასალების გამოფენა-დათვალიერება. გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო გამოფენა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები (ღია ტურნირი ჭადრაკში, მძლეოსნობა, კრივი, ტაეკვანდო, უშუ, ძიუდო, ტანვარჯიში, ფრენბურთი და სხვა). საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, საერგიეთის საწვრთნელ ბაზაზე საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცეტრი ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის წინ ღია ცის ქვეშ გაიმართა“, – აცხადებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები