მცხეთა-მთიანეთში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
მცხეთა-მთიანეთში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
როგორც „კვირას“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონია შესრულდა.
„მუნიციპალიტეტებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ლიტერატურული კაფე, საინფორმაციო და გასართობი კუთხეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები. „გააზიარე ცოდნა“ კამპანიის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები ყაზბეგში ჩამოსულ სტუმრებს საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას უზიარებდნენ“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მხარის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.
“დღეს ჩვენ ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 101 წელი გავიდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. 1918 წლის 26 მაისი იყო ჩვენი ერის გამარჯვება – ქართველი ხალხისა, რომელიც არასოდეს შეჰგუებია უცხო ერების, ქვეყნებისა და იმპერიების ბატონობას და საუკუნეების განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას შალვა კერესელიძემ.
რეგიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით და გალაკონცერტი.