დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოზურგეთში აქტივობებს მართავს

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას მართავს. ღონისძიებების კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობაა. ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, ასევე, გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.

ღონისძიების ფარგლებში იმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება.

ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე – ,,გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.

ღონისძიების სტუმრების განწყობაზე მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ.

ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. ღონისძიებას “ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტი და ცნობილი ქართველი მომღერლები დაასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები