ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა.
“ეროვნული მოძრაობის” წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ეროვნული მოძრაობის ლიდერის – მერაბ კოსტავას დაბადების დღის აღსანიშნავად კი ,,ეროვნული მოძრაობის “ წევრებმა მერაბ კოსტავას ფოტო და გვირგვინები ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მიიტანეს.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ.
“მე მინდა, იმ ადგილიდან, სადაც ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიუსტი გაიხსნა, მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისი დაუვიწყარი თარიღია ქართველი ხალხისთვის. წალენჯიხაში ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნა დღეს, 26 მაისს სიმბოლურია და მისი პატივისცემის გამოხატულებაა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის – მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მოყვასისა და მეგობრისათვის თავგანწირვისა.
ზვიად გამსახურდიაც და მერაბ კოსტავაც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოა.
ზვიად გამსახურდია იყო ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს და ქართველ ხალხს. პრეზიდენტის ცხოვრების ტრაგიკული დასასრულის და მანამდე მისი მოღვაწეობის ამბავი ქვეყნის უახლესი ისტორიის ნაწილია. ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და ხშირად სწორედ ამით გამოვარჩევთ სხვებისგან“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.
წალენჯიხაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებში, თავიანთი პროგრამებით სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის, კულტურის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დღის დასასრულს, საზოგადოების წინაშე ბესიკ კალანდაძე, გურამ ჯაში და იუმორისტი ბიძინა მახარაძე წარდგებიან.