26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში შს სამინისტრო ღონისძიებებს მართავს
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის 101-ე, საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში – ალექსანდრე მოწერელიამ და ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ძეგლები და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია, რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა.
ახლადარჩეულმა მერმა ყველას მოუწოდა, გამოვიდნენ ქალაქის მთავარ მოედანზე და ერთად იზეიმონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ზუგდიდში სადღესასწაულო ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა შინაარსის სტენდი დაათვალიეროს. ასევე, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
დღეს აქ შს მინისტრ გიორგი გახარიასაც ელოდებიან.
საღამო გალა კონცერტით დასრულდება.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა, რომლის აღდგენაც მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.