დაპირისპირება სენაკის საკრებულოში – ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი კალანდარიშვილი ამბობს, ეს 19 მაისის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატებისთვის მილოცვამ გამოიწვია. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უარყოფს.

“სხდომის დაწყებამდე შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მივულოცე კანდიდატებს, რის შემდეგაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა – ბორის სოსელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებიას. მე მოვუწოდე მათ წესრიგისკენ. დაწყნარდნენ. სხდომა ჩავატარეთ ჩვეულებრივად, დავამტკიცეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები; სხდომის დასრულების შემდეგ კი, გასვლისას, ბორის სოსელია ცუდად გახდა, რის შემდეგაც გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. როგრც ვიცი, წნევა აწუხებს, თუმცა თვითონ ამბობს, რომ მას ნაჭყებიამ სცემა. მე ცემის ფაქტი არ მინახავს”, – განაცხადა ბადრი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განმარტებით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, ბორის სოსელია სენაკის საავადმყოფოში იმყოფება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები