ხულოს 84-ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა – 22 საჩივრიდან 13 სრულად დაკმაყოფილდა
ხულოს 84-ე საოლქო კომისიამ 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობისას შესული საჩივრების განხილვა დაასრულა. სულ დაფიქსირებული 22 საჩივრიდან კომისიამ 13 სრულად, ორი ნაწილობრივ, ხოლო ხუთი საერთოდ არ დააკმაყოფილა.
წევრებმა ერთი საჩივარი, რომელიც ენმ-ის წარმომადგენელს ეკუთვნოდა და კომისიის წევრების მუშაობაში ჩარევას გულისხმობდა გამიჯნა, რაც საკითხის მოკვლევასა და მოთხოვნილი პირის – ბათუმის ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაჯარიმებას გულისხმობს.
84-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხს არაუგვიანეს ერთ თვეში გამოიკვლევს, გამოკითხავს უბნის წევრებსა და ცესკო-ს წარმომადგენელს და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
საჩივრების განხილვის სხდომას ენმ-ის წარმომადგენელი ესწრებოდა და ის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას არ აპირებს. შეხვედრას არ ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი, რომლის სამი საჩივარიც კომისიამ დააკმაყოფილა. განხილული საჩივრები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო და კომისიის წევრები შენიშვნებითა და გაფრთხილებებით შემოიფარგლნენ.