თორნიკე რიჟვაძე: უბნებიდან წინასწარი მონაცემებით, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს
“წინასწარი მონაცემებით, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რასაც ხელოვნურად დადგმულ სცენას უწოდებს, მისივე თქმით, ოპოზიცია, მთელი დღის განმავლობაში, ხელოვნურად ცდილობდა საარჩევნო პროცესებზე ჩრდილის მიყენებას.
„დღეს ხულომ და ხულოს მოსახლეობამ კიდევ ერთი ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და ზოგადად, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიისთვის. ვულოცავ ხულოს და მთელ ქვეყანას ამ კიდევ ერთ წარმატებულ დღეს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური არაკეთილმოსურნეები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეექმნათ დაძაბული ვითარება და შეექმნათ გარკვეული დესტრუქციული გარემო, ხელისუფლებამ შევძელით, რომ თავისუფალი და დემოკრატიული გარემო ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ჩვენ, ბუნებრივია, ველოდებით ცესკოს საბოლოო ოქმებს, თუმცა იმ პირველადი მონაცემებით, რომლებიც უკვე შემოვიდა უბნებიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად იგებს ხულოში. განსაკუთრებით მახარებს, რომ ასეთი ერთიანობაა ხულოში, ვახტანგი იქნება ყველას მერი.
ჩვენი ოპონენტების, ერთი მხრივ, უსუსურობა და ასევე, უტიფრობა ყოველგვარ ზღვარს სცდება და თქვენ იცით, რა სიძულვილის ენას იყენებდნენ ქართველი ხალხისა და ხულოელების მიმართ. დღეს უკვე გადაწყვიტეს, რომ პროცესს ჩრდილი მიადგეს ამ გარკვეული მითების შექმნით, დესტრუქციით, პროვოკაციების მოწყობით და ნახეთ, რომ მათი მთავარი სურვილი იყო დესტაბილიზაცია, ტემპერატურის აწევა ხელოვნურად, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი, რომ უზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის ნების გამოვლენა, მათი ყველა ბრალდების დეტალურად განხილვას კი არ ვაპირებ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ