ირაკლი ჩიქოვანი: “ნაციონალური მოძრაობა” გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე
ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბში საოლქო კომისიაში მომხდარ დაპირისპერებასა და ხმაურის ფონზე მიმდინარე სხდომას გამოეხმაურნენ. შტაბის ხელმძღვანლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციულ მოქმედებებზეა გადასული, რადგან იცის, რომ არჩევნებს აგებს.
“ჩვენ გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ ფაქტს, რომელიც დღეს მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. თითოეულმა თქვენთაგანმა, საზოგადოებამ და ყველა ზუგდიდელმა კარგად დაინახა, რომ “ნაციონალური მოძრაობა ” გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც იციან, რომ პირწმინდად აქვთ არჩევნები წაგებული, ისინი ცდილობენ, სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესისა. კიდევ ერთხელ მივმართავ მთლიანად საზოგადოებასა და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას იმიტომ, რომ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა ბრიფინგზე, ასევე, აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ინფორმაციას მათ აწვდიან, რათა ექსცესები აირიდონ.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს პირდაპირი კავშირი როგორც ზუგდიდის, ისე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექცსესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის სრულად დესტრუქციული და “ნაციონალური მოძრაობა” არ მალავს, რომ ისინი გათვლას აკეთებენ არა ზუგდიდელებზე არამედ იმათზე, ვინც ჩამოჰყავთ და არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში.
მივმართავ ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომ შეინარჩუნ მაქსიმალური სიმშვიდე და ყველა შესაძლო კანონდარღვევისას მიმართონ სამართალდამცველებს ისინი მზად არიან, მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს დანაშაულს და ვისი მომხრე იქნება . ჩვენი ინტერესია, რომ ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს. არ იყოს საცდელი პოლიგონი და არ იყოს პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ ზუგდიდი წარმოაჩინოს”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე მოხალისე მოქალაქეები იმუშავებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩასატარებლად.
“ჩვენ ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო უბნებისთვის, გვაქვს ყველა წინასწარი მონაცემი და ზუგდიდში 19 მაისს გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მოხალისეები იქნებიან მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ გვყავს იდენტიფიცირებული, უკვე გვაქვს მათგან მიღებული თანხმობა, რომ ისინი მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ. მოხალისეები მოვლენ ამ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ ჩვენი ამომრჩევლის აღრიცხვა, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ასევე სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია , რომელიც შესაძლოა უბანზე მოხდეს. ასევე, მივმართავთ კომისიაში ჩვენს წევრებს, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დაძაბული შეიძლება იყოს ვითარება შიგნით, კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე და გამოიყენონ ყველა პროცედურა და ამ პროცედურების მიხედვით ჩაატარონ მთლიანად საარჩევნო დღე.
ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის უკვე დღეს და დარწმუნებულები ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას თქვენთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის დაწყებამდე დერეფანში ოპოზიციის ლიდერები მირანდა მესხს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.