“ზვიადისტები”: მელიებმა და სხვა მელაკუდებმა ჰოლანდიიდან საქართველომდე, შორს დაიჭირონ თავი – ნუ გვაიძულებთ ჩვენ დავამყაროთ წესრიგი
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ. მათი თქმით, მათ თანამებრძოლს, ვახტანგ ზარანდიას ოჯახს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ოჯახში მიუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები, დღეს, ბადრი ზარანდიას საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ და ოპოზიციას „მიშისტური აგრესიული სექტა“ უწოდეს, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურს.
“მე ვარ საქართველოს ომის ვეტერანი, მე აქ მოვედი, რომ ცხუმ-აფხაზეთის საზოგადოებისა და ვეტერანთა აღშფოთება გამოვხატო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი წევრის, ვახტანგ ზარანდიას გამო. ეს ადამიანები არიან ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოდ გადაქცევის მოთავეები და ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს მიშისტური აგრესიული სექტა, რომელიც ოჯახში უვარდება ადამიანს, არ უნდა დაბრუნდეს. ერთ წამით მაინც წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები ნაწილობრივ მაინც, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში რა შეიძლება მოხდეს.
ამ ადამიანებს მხოლოდ სახელმწიფოებრივი შეგნება აჩერებთ, რომლის გამოც მთელი ცხოვრებაა იბრძვიან საქართველოსთვის. ნუ აიძულებთ ნურავის თვითონ დაამყარონ წესრიგი. ჩვენ გვსურს და მივესალმებით დემოკრატიული პროცესი მშვიდად გაგრძელდეს, რათა ღირსეული ზუგდიდელი აირჩიონ ზუგდიდში. კატეგორიულად მოვითხოვთ, მელიებმა და სხვა მელაკუდებმა ჰოლანდიიდან საქართველომდე, შორს დაიჭირონ თავი საქართველოსაგან, თორემ ვიცით როგორ უნდა მოვექცეთ“,-განაცხადა სოსო ანთიამ.
შეგახსენებთ, ვახტანგ ზარანდიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, შორის ინციდენტი სოფელ ჯიხაშკარში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ოპოზიციის კარდაკარ შეხვედრების დროს ზარანდიამ არ ისურვა სანდრა რულოვსის თანაგუნდელების ოჯახში მიღება, რის გამოც, როგორც თავად ამბობს, ისინი დაუპირისპირდნენ.