ცესკო: გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონი დაირღვა, სიმართლეს არ შეესაბამება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, გავრცელებული განცხადებები, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი განმარტებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, უბნების რაოდენობის მიხედვით, საარჩევნო ინვენტარის გადაცემის პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს გამჭვირვალედ.
“გუშინ ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად გვინდა, განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარსა და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ. კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის, სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში, ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიცა და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ – სხვა საარჩევნო ოლქებშიც”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
თუმცა, ცესკო-მ, ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის უკვე გადაცემული სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები