„ქალთა და ბავშვთა სახეები – ორივე სახე ქმნის ლამაზ სამყაროს“ – ლელა კვიტაიშვილის „ჟღალი გოგო“, „ვენერას ხელოვნების ჯილდო“ და დაუვიწყარი რომაული მოგზაურობა

დაასრულა  ბათუმის აკ. წერეთლის სახელობის №22 საშუალო სკოლა
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მხარეთმცოდნეობის განხრით. არის, ასევე  ზოგადი  და ინკლუზიურ ბავშვთა ფსიქოლოგი.
ერთხანს მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთებში „აჭარა“ და აღორძინება“, გამომცემლობა „აჭარაში“ კორესპონდენტად. 2007 წლიდან დღემდე მუშაობ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საგარეო ურთიერთობებისა და სტუდენტური მართვის განყოფილებაში.
2020 წლიდან დაიწყო ხატვა, როგორც მოყვარულმა.  ინტერესის ძირითადი სფეროა  ხელოვნება (გრაფიკა, ფერწერა).  მისი ნახატების  გამოფენა გაიმართა ბათუმის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში, ხოლო ბათუმის სახელმწიფო გალერეაში  ჰქონდა პერსონალური  გამოფენა.
არის საქველმოქმედო ფონდის „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ – წევრი. ასევე სამხატვრო სასწავლებლის წევრი,  ორ წელზე მეტია თანამშრომლობს თავისუფალი ხელოვნების სივრცე  გალერეასთან და ასევე  ხელოვნების სხვა სასწავლებლებთან.
2025 წლის 15 მარტს II საერთაშორისო ქართულ-იტალიური პროექტის „ვენერას ხელოვნების ჯილდოს“ – „ხელოვნების ოსტატობის პრემიის ლაურეატი“ გახდა და მიიწვიეს რომში გამოფენაზე,  სადაც  მიქელანჯელოს პრიზის  ლაურეატი გახდა.
ამბობს, რომ იტალიაში გამოფენაში მონაწილეობა და მიღებული ჯილდო დიდი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოეჩინა საკუთარი ხელოვნება და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. – ლელა კვიტაიშვილის პერსონა.

– ბათუმი მშობლიური ქალაქია…
– დავიბადე  ლამაზ ქალაქში, რომელიც მუდამ  იყო და არის  ხელოვანების, პოეტების, მსახიობების    სტუმართმოყვარე  ქალაქი. და  ჩემმა  ბავშვობამ  ასეთ ლამაზ მოგონებებში  გაიარა. ხშირად ვესწრებოდი სპექტაკლებს, ვხატავდი  პატარა ჩანახატებს, ვწერდი პატარ-პატარა  ნოველებს და ლექსებს. ესეც ჩემი გატაცება იყო. ვფიქრობ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ოდესღაც  რაც მე   მიყვარდა და, მგონი, ყველა ბავშვს უყვარს  ხატვა  და ხელოვნება .. მეც  გამეხსენებინა   ადრე მივიწყებული   ჰობი…
– ხატვა მოგვიანებით დაიწყეთ…  პირველი ნახატები…
– ეს მოხდა პანდემიის დროს. ყველანი რომ სახლში ჩავიკეტეთ. მოგვეძალა დეპრესია… ყველანი  ცდილობდნენ  სტრესული გარემოდან თავის დაღწევას… ძალიან ბევრმა ჩემსავით მივიწყებული თუ  მიძინებული ჰობი გამოაღვიძა, ისინი დღეს საკმაოდ წარმატებული არიანმეორე ფაქტორი  იყო ის რომ,  უმცროსი  ქალიშვილი მხატვარია. დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი. იმ პერიოდში მუშაობდა სადიპლომო ნაშრომზე და  მეც ვაკვირდებოდი  მის საქმიანობას.  იმდენად მიმიზიდა და  გამახსენა  ჩემი ბავშვობა. მეც  დავიწყე  გახსენება, ნაბიჯ-ნაბიჯ  მივყვებოდი ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას… და  ასე ეტაპობრივად მოვხდი ხატვის გარემოცვაში.
ჯერ  დავიწყე უბრალო ფანქრით, შემდეგ გადავედი ნახშირზე. ვხატავდი პატარა მოცულობის  ნახატებს, უბრალოდ ჩემთვის, ანუ ჩემს  გულის ჭიას ვიხარებდი. ვუგზავნიდი ჩემს მეგობრებს.მათაც  მირჩიეს, რომ  უფრო დიდი  ფორმატები  დამეხატა… ასეც მოვიქეცი… რჩევებს და შენიშვნებს ვისმენდი და ვიღებდი. მოხდა ისეც, რომ ერთ-ერთმა ინკოგნიტო პიროვნებამ   აჭარის ტელევიზიას  ამცნო, რომ  მე  ვხატავდი და  გაეკეთებინათ  გადაცემა.
ასე მოულოდნელად დამადგნენ სახლში. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. პირველი ნაბიჯები  მხატვრობაში,  მომზადდა გადაცემა – მხატვარი დედა-შვილი პანდემიის დროს (შვილი პროფესიონალი და  დედა თვითნასწავლი), თუმცა  ის  კომპლექსი  მაინც  მქონდა, რომ მე ვერ შევეჯიბრებოდი  პროფესიონალ  მხატვრებს და  დავიწყე საკუთარ  თავზე მუშაობა. თითქმის ყოველ დღე ვხატავდი პატარა  ჩანახატებს  და ვინახავდი  ჩემთვის. დღეს  უკვე  უშიშრად  დიდი ფორმატის  ნახატებს  ვხატავ.
–  შთაგონება?
– ჩემი ნამუშევრები იქმნება  თითქმის  ზუსტად  ისევე, როგორც იწერება ჩემი ლექსები, რომლებსაც ხშირად ექსპრომტად ვურთავ ჩემს ნახატებს, მაგრამ მაინც  ხასიათის მიხედვით. ძირითადად,  ქალთა  სახეები  მაქვს… ამ ბოლო დროს  ბავშვების სახეებზეც გადავედი, რადგანაც ორივე ჩემთვის ასოცირდება სინაზესთან, სილამაზესთან,  სიძლიერესთან და ორივე  სახე ქმნის ლამაზ სამყაროს.
– ქართულ-იტალიური პროექტის „ვენერას ხელოვნების ჯილდოს“ „ხელოვნების ოსტატობის პრემიის ლაურეატი“ რომშიც მიგიწვიეს გამოფენაზე…
– ქართულ-იტალიური პროექტის „ვენერას ხელოვნების დაჯილდოების „ხელოვნების ოსტატობის პრემიის ლაურეატი“ –  პრიზზე   ჩემი წარდგენა  ნამდვილად მოულოდნელობა და სიურპრიზი იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს  ნახატებს  ხშირად ვდებ სხვადასხვა  ვებგვერდზე, სადაც არიან  თვითნასწავლი მხატვრებიც და პროფესიონალი მხატვრებიც.  მაღალ შეფასებასაც  ვიღებდი და   დიდ  სტიმულს  მაძლევდა, რომ მეტად დამეხვეწა ჩემი შემოქმედება. უფრო  მეტად  ყურადღებას ვაქცევდი ფერების  კომბინაციას და ტექნიკას. ვხატავდი და ვხატავ შერეული ტექნიკით, ანუ არეულად ვიყენებ სხვადასხვა მასალას (ეს იქნება ტუში  აკრილი, გუაში, ნახშირი, ფანქარი). ერთი სიტყვით, ყველაფერს. ერთხელაც ქართულ-იტალიური პროექტის ხელმძღვანელები, ქალბატონები დიანა და ნინო რევაზიშვილები დამიკავშირდნენ და მითხრეს: თქვენი ორი ნახატი ამოირჩა, მილანში ვენერას ხელოვნების პრიზზე არის წარდგენილი და დაჯილდოვდაო,  ეს ჩემთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც  იყო.
ერთი შევიდა კატალოგში და მეორე ნახატისთვის კი გადმომეცა ვენერას პრიზი. დაჯილდოება გაიმართა „თბილისში მარიოტში“. ეს  ნამდვილად  მოულოდნელი შოკი იყო. არც მე და  არც  ჩემი ოჯახის წევრებს არ გვჯეროდა, თუმცა ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი… ეს უკვე დიდი სიტყვა იყო   ხელოვნებასა და  მხატვრობაში.
ამას  მოჰყვა მეორედ წარდგენა  მიქელანჯელოს პრიზზე, უნდა წავსულიყავი რომში. იქაც  2 ნახატით. მივიღე მოწვევა, დახასიათება და ბათუმის მერიამ დააფინანსა ჩემი წასვლის ხარჯები, რადგანაც საქართველოს მასშტაბით ერთი ვიყავი ბათუმიდან ამ ჯილდოზე წარდგენილი. ასე მოვხვდი რომში  სასიამოვნო  განცდებით, და  მიქელანჯელოს პრიზით დავბრუნდი  ბათუმში.–  წარდგენილი გქონდათ „ჟღალი გოგო“.  როგორ დაიხატა ეს ნამუშევარი?
– „ჟღალი გოგო“  წარდგენილი იყო ვენერას ხელოვნების ოსტატობის პრემიის ლაურეატობის პრიზზე. ძალიან მიყვარს წითური  ბავშვები და  ერთხელაც ქუჩაში  შევეფეთე  ასეთ ტიპურ  ბავშვს, გაბუტული  ლოყებით,  რაღაცნაირად  ჩარჩა მეხსიერებაში და  გადავწყვიტე, როგორმე დამეხატა და, მგონი, გამომივიდა. რაც შეეხება რომაულ შთაბეჭდილებებს, ეს იყო ეიფორია, ძველ  სიძველეში, მაღალი  კულტურის  ქალაქში მოხვედრა… თითქოს  ყველა ტაძარი, მონუმენტი გესაუბრება და გიყვება თვის ისტორიას. შევხვდით: ექსპერტებს, ჟურნალისტებს, იყვნენ ფოტოგრაფები და დაჯილდოება XIII  საუკუნის ერთ-ერთ გალერეაში გაიმართა.
რომაულმა  მოგზაურობამ  დიდი წარმატებით  ჩაიარა. მადლობა ამისთვის  ქალბატონ  დიანას, ნინოს,  ბათუმის მერიას, რომ საშუალება მომცეს, ჩემი  ხელოვნება ევროპაშიც გასულიყო და გამეტანა საქართველოს სახელი.– საქველმოქმედო ფონდის „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ წევრი და, ასევე, სამხატვრო სასწავლებლის წევრი ხართ, სადაც გამოფენილია თქვენი ნამუშევრები და პერიოდულად ეწყობა გამოფენები…  გქონდათ პერსონალური გამოფენა  ბათუმის სახელმწიფო გალერეაშიც…
– საქველმოქმედო ფონდის „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ წევრობაც უკავშირდება ჩემი  მხატვრობის პირველ ნაბიჯებს..ესეც მოულოდნელი  ფაქტორი  იყო ჩემთვის… ერთი სიტყვით, ჩემი  მხატვრობის ნაბიჯები სულ კურიოზებით და მოულოდნელობით არის სავსე, მხოლოდ სასიამოვნო  ფაქტებით.
ჩემმა  მეგობარმა გოგონამ, რომელიც თოჯინებს კერავს, არის  მცირე  მეწარმე  და  მასაც აქვს ხშირი   გამოფენები, ქმნის ულამაზეს თოჯინებს და ბავშვის სამოსს (ქალბატონი ელეონორა კუცია). მისი  დაჟინებული თხოვნით  გავედი გამოფენაზე, რომელიც  მოეწყო ბათუმის ბულვარში… საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით. გავიტანე იქ   ჩემი ნახატები. იყო  პატარა ფორმატის…
ჯერ  კიდევ ამ დროს   გამოუცდელი  მხატვარი  და  იქ  მოვიდა ერთი პიროვნება,   აღფრთოვანებულმა ვიღაცას დაურეკა,  უნდა მოხვიდე და  ნახოო … მართლაც, მოვიდა ეს  პიროვნება .. და აღმოჩნდა  ბათუმის  სამხატვრო სასწავლებლის  დირექტორი მხატვარი, ბატონი გურამ ფუტკარაძე, რომლის  გაცნობა ჩემთვის მოულოდნელი  იყო  და დიდი პატივი.
ბატონმა გურამმა შემომთავაზა სასწავლებელში გამოფენის მოწყობა,  როგორც  თვითნასწავლი  ხელოვანის… ასე გაიმართა  ჩემი მეორე  გამოფენაც, გაშუქდა ტელევიზიით. და  სწორედ იქ  გამეცნო მოწვეულ  სტუმრად საქველმოქმედო ფონდის „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“   ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ ბოლქვაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც ქობულეთის  მუნიციპალიტეტში, ჩაქვში შენდება მემკვიდრეობის გადასარჩენად  მუზეუმი. ასე შევიკრიბეთ ჯგუფი: მხატვრები, ისტორიკოსები, მწერლები… რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება.  ამის  შემდეგ  გავხდი  სამხატვრო სასწავლებლის წევრიც  და რისი წყალობითაც   ხშირად   ეწყობა  გამოფენები და მათ შორის   ჩემი  ნახატებიც იფინება.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობოდი ხელოვნების მუშაკებს, მიკავშირდებოდნენ  და მათი თაოსნობით ეწყობოდა  ჩემი გამოფენები  სხვადასხვა  გალერეაში, სივრცეებში.  ყველაზე მასშტაბური   გამოფენა  კი  ბათუმის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში გაიმართა, ქალბატონი თინა ზოიძის დახმარებით და ხელმძღვანელობით. რომელიც დიდი  ანშლაგით  ჩატარდა…
ვამაყობ, რომ მესწრებოდნენ:  აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, ქალბატონი ლალი კონცელიძე, პოეტი, ბატონი დავით თედორაძე, მხატვრები მუზეუმის გაერთიანების  ხელმძღვანელობა,  მერია, კულტურის სამინისტრო, ტელევიზია, ჟურნალისტები, მეგობრები, ოჯახის წევრები. ეს იყო ჩემი პირველი სიტყვა დიდი მხატვრების  გვერდით, როგორც თვითნასწავლი მხატვრისა. აქ წარმოდგენილი იყო 40-მდე  ნახატი.  თემატიკა –  ქალთა სახეები.
რაც  შეეხება ჩემს გამოფენებს, რომლებიც უკვე 14-ჯერ მოეწყო. ყველა ჩემთვის საჩუქარია, ყველა ჩემთვის  ძვირფასია, მნიშვნელოვანი, რადგანაც მათი დახმარებით მე ვიზრდები და  უფრო  მეტი პოტენციალი   მეძლევა,  რომ  წინ წავიდე  და სხვადასხვა ტექნოლოგიას დავეუფლო. მეც მომეცა საშუალება, ისეთი დიდი მხატვრების წინაშე დავდგე, როგორებიც  არიან  ბათუმში და საქართველოს  მასშტაბით. ყველას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი
სხვადასხვა ადგილას (მათ შორის, ჟურნალისტადაც) მუშაობდით. ამჟამად კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საგარეო ურთიერთობებისა და სტუდენტური მართვის განყოფილებაში მუშაობთ… როგორ თავსდება ერთმანეთთან  ხატვა და სამსახური?   ორივე ალბათ მნიშვნელოვანია…
–   16 წლიდან   ვმუშაობ სხვადასხვა   სფეროში:  პირველად ჩემი სამუშაო კარიერა დაიწყო ჟურნალისტად   გაზეთებში – „აჭარასა’’ და „აღორძინებაში“ – ლამაზი და სასიამოვნო წლები. სადაც ბევრ საინტერესო კორესპონდენტთან მქონდა  შეხვედრა..შემდეგ  გადავედი  აჭარის გამომცემლობაში,  რედაქტორად .. 6 წელი იქ  ვიმუშავე  ამის შემდეგ   ჩემდა მოულოდნელად  მოვხდი კერძო საზღვაო სასწავლებელში, სადაც  ვიყავი  კანცელარიის  უფროსი და  შემდგომ  გადმოვედი სახელმწიფო ბათუმის  საზღვაო სასწავლებელში, სადაც 2007 წლიდან    დღემდე  აქ  ვმოღვაწეობ.
ჯერ  ვიყავი  სერტიფიცირების  ხაზით,  ახლა  კი საგარეო ურთიერთობებისა და  სტუდენტური სერვისების  განყოფილებაში. როგორ  ვუთავსებ?  ორივე   მიყვარს  თავისებურად,  ორივე ადგილას გავიზარდე და   შევისწავლე …  და  მათი  თანადგომა და ყურადღება  ბევრჯერ დამეხმარა, რომ  მე  ხატვა შემეთავსებინა სამსახურთან. ორივე ადგილას  კომფორტულად ვგრძნობ  თავს  და  მათი მხარდაჭერა ჩემი სტიმულია, რომ უფრო  მეტად ვიმუშაო საკუთარ თავზე,  რისთვისაც დიდ  მადლობას ვუხდი ყველას.
– თქვენი ორი  ნახატი გადაეცემა თურქეთის ქალაქ ინეგოლის ქართულ-თურქულ მუზეუმს…
–  რომიდან დაბრუნების შემდეგ დამიკავშირდა სამხატვრო სასწავლებლის ხელმძღვანელი,  ბატონი  გურამი, როგორც  ადრე მოგახსენეთ, და  მითხრა, ლელა,  საქართველოს  მასშტაბით  ინეგოლში იმართება ქართველი მხატვრების  ნახატების გამოფენა და მინდა, რომ წარადგინო  2  ნახატი, იქ, მუზეუმში, დარჩება   სამახსოვროდო. ესეც  ერთი წინ წასვლაა  ჩემთვის, რომ  საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩება  ჩემი   მოკრძალებული ნახატები და  სახელი..
ერთი ნამუშევრის  ისტორია…
– ყველა  ნახატს   თავის  ისტორია  აქვს და   განსაკუთრებული… გამოყოფა  მიჭირს, მაგრამ მაინც შევეცდები –   ერთხელ სამსახურში ჩვენთან   მოვიდა სტუმრად  ჩემი  უფროსი  შვილიშვილი… ძალიან ლამაზი  ბავშვი   და იმდენად ჩამრჩა მისი სახე მეხსიერებაში, რომ ვერ მოვისვენე, ისე მინდოდა დამეხატა, დაახლოებით   დამახსოვრებული რაც მქონდა, მისი  იერი  დავხატე  და  ჩავუგდე  ვოთსაპში…
მისი  აზრი  მაინტერესებდა,  რას მეტყოდა… უბრალოდ მივწერე,  ვინმეს  ხომ არ ამსგავსებ-მეთქი… და  ეგრევე  მირეკავს და მეუბნება, თუ შეიძლება, ხვალვე მომიტანე  ეგ ნახატი, ლამაზად შეფუთულიო…  ეს ხომ ჩემი შვილიშვილია  და როგორ  დახატეო…  ჩემთვის  ხომ ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო  იყო… ამის შემდეგ უკვე წამოვიდა ბლომად შეკვეთები.  მანამდეც კი მქონდა, მაგრამ ამ ნახატმა  განსაკუთრებული როლი შეასრულა.– რა არის თანამედროვე ხელოვანის უმთავრესი პრობლემა?
– ყველა  სფეროს  აქვს თავისებური პრობლემები, მაგრამ ხელოვნებას  ალბათ  განსაკუთრებულად,  თავისი  სპეციფიკიდან გამომდინარე… ბევრი ნიჭიერი მხატვარია, ბევრი თვითნასწავლი და  ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც მე ამ პერიოდში გავიცანი და მსიამოვნებს… უბრალოდ, საშუალება უნდა მისცენ, რომ გაიზარდონ, მოუწყონ გამოფენები, ხელი შეუწყონ  ხელოვანად მათ  ჩამოაყალიბებს და  არ უნდა  ჩათვალონ კონკურენტად ….უფროსი  გამოცდილი მხატვრები გვერდში უნდა დაუდგნენ  და გაზარდონ მომავალი თაობა, რაც უფრო გაალამაზებს სამყაროს.
– ჰობი…
– დავიწყოთ  იქიდან, რომ მხატვრობა ჩემი ჰობი იყო და  შემდეგ პროფესიონალურ საქმიანობაში გადავიდა. და  ამჯერად ჰობად  ჩავთვლი ჩემს  ჩანახატებს და ლექსებს, რომელიც  ბლომად  მაქვს. თუმცა ლექსებს  ბავშვობიდან ვწერდი. შემდეგ ცოტა  შესვენება  მქონდა  და მხატვრობამ ისევ დამაბრუნა მწერლობასთან. და  ახლა ზოგიერთ ნახატს  თემატიკასთან მიმართების მიხედვით  ვურთავ… არც ისე ცუდად გამოდის, როგორც აღნიშნა ერთ-ერთი გამოფენის დროს  პოეტმა დავით  თედორაძემ და  გამომცემლობის  ხელმძღვანელობამ. ესეც,  ვფიქრობ, სასიხარულო ფაქტია. გავკადნიერდები და  წარმოგიდგენთ  ზოგიერთ მათგანს.
….

ჩემი ანგელოსი მიწას დასცქეროდა,
ბაგედან ჩუმად ლოცვა იღვრებოდა,
გლოვის მანტიას ზეცა იფარებდა,
მზე კოცნით ალუბლებს სიყვარულს ჰპირდებიდა.

ქვიშის საათებს ფიქრები სცვიოდა.
სურვილებს ჩემსას უღმერთო,და ციოდა.
გრაალის კოშკი ფეხქვეშ იმსხვრეოდა
წარსულის მორევში ფარდა ეშვებოდა.

l.k

,,,,

სიჩუმის ანბანს წვიმაში ვქარგავ,
ბერების საფლავს ფეხდაფეხ დავალ,
მარადისობას ანარეკლს ვატან
ქართულ სტრიქონებს ჯვრებითაც  ვქარგავ.

უჟამო ჟამით ცოდვილი დავალ,
ცეცხლით მოხატულ ჭრილობებს  ვმალავ,
წინაპრის ლანდებს სიზმარში ვხატავ,
შუაღამეში ჩემს მუზებს  ვკარგავ.

მთების ფერდობზე ნუკრებსაც ვლანდავ,
ისე უბრალოდ მე წლებსაც ვკარგავ,
ნეკერჩხლის ფოთლებს ქარებს გავატან,
ღარიბულ სუფრას გავუშლი ასაკს.

LK

– თქვენს შვილებსაც უყვართ ხატვა…
– მყავს  საუკეთესო  ოჯახი, რომელიც  გვერდით  მიდგას და  გულშემატკივრობს  ჩემს ყველა  წარმატებულ ნაბიჯს და  ესეც ერთგვარი ფაქტორია იმისა, რომ დღეს  ასეთი  წარმატებული   გავხდი.   მყავს  მეუღლე, ორი ქალიშვილი.
უფროსი ქალიშვილი სალომე კაპანაძე მოღვაწეობს ინგლისში, ლონდონში და ძალიან წარმატებულია. მეორე  ქალიშვილი ხატია კაპანაძე – სამშენებლო კომპანიაში. დაოჯახებულია. მადლობა მათ ასეთი  მხარდაჭერისათვის. ხატია კაპანაძე პროფესიონალი მხატვარია, დაამთავრა სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის განხრით .სალომეც ხატავდა თავის დროზე, ხატწერა იტაცებდა.– სამომავლო გეგმები.
– სამომავლოდ, დეკემბერში, იგეგმება საფრანგეთში გამოფენა, ასევე  მწერალთა კავშირის  მიერ ჩემი გამოფენა – პოეზიის  საღამო  ბათუმში… და  იმედია, კიდევ  მრავლად  ქალაქის სხვადასხვა სივრცეში .


თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები