აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა განიხილეს სადავო ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს სომხეთის გავლით აკავშირებს.

დოკუმენტის თანახმად, ზანგეზურის დერეფნის სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთი ამერიკულ კომპანიას 99 წლით გადაეცემა და მას „ტრამპის გზა“ ეწოდა.

ამერიკელმა ლიდერმა განმარტა, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის აზერბაიჯანთან სატრანზიტო დერეფანში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შესაძლოა 99 წლით გაგრძელდეს.

„სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა საომარი მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები“, – განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე.

ალიევი და ფაშინიანი დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის ვაშინგტონში 8 აგვისტოს ჩავიდნენ. აღნიშნული დოკუმენტით ისინი აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულების დადების ვალდებულებას იღებენ.

როგორც თეთრი სახლის წყაროებმა ჟურნალ Politico-ს განუცხადეს, აშშ-მა ხელი შეუწყო ზანგეზურის დერეფნის გარშემო დავის მოგვარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები