მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები, ახალი ბენეფიციარების მისაღებად, სრულად მზად არიან

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს – პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისაგან იღებდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.

მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად, უკვე ასობით ბენეფიციარი დარეგისტრირდა და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მისი თქმით, სახელმწიფო ცენტრები, ახალი ბენეფიციარების მისაღებად, სრულად მზად არიან — უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო გუნდი, საჭირო მედიკამენტები და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო, ბენეფიციარებს, შედეგზე ორიენტირებულ სერვისს, სრულად უფასოდ მიაწვდის.

“ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურის გავლა შესაძლებელია „ონლაინ“, ვებგვერდზე – ost.moh.gov.ge .

ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან – მის ტერიტორიულ განყოფილებებს. ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები