დე ფაქტო აფხაზეთი უკმაყოფილოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დე ფაქტო აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მაისის დღესასწაულების პერიოდში 10 მასშტაბურ ღონისძიებაზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ოკუპირებულ აფხაზეთში უთანხმოება და უკმაყოფილება მოჰყვა.
საქმე ეხება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 6 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დე ფაქტო აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მაისის დღესასწაულების პერიოდში 10 მასშტაბურ ღონისძიებაზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია „აფსხარამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა და ხელისუფლებისგან ამ ფაქტის დადასტურება არ უარყოფა მოითხოვა.
„საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფსხარა“ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა დაგეგმილ ღონისძიებებზე სამართალწესრიგს გააკონტროლებს. ჩვენ განვიხილავთ ამას, როგორც პროვოკაციას და ველოდებით ხელისუფლებისგან გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას“, – აღნიშნულია „აფსხარას“ განცხადებაში.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს უსაფრთხოებას აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფს.