ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეიდან IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ 22-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის განმავლობაში სამაგალითოდ იქცეოდნენ და რომ ქართველებთან მხარდამხარ სამსახური საამაყოა.

სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე  საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ და 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი““ და“გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ.

​უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები