“სუფთა ხელებით, სუფთა ისტორიითა და წარსულით” – ამ ეპითეტებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ზესტაფონის მერობის კანდიდატად ბაქარ ხიჯაკაძე წარადგინა. ალბათ, ვაშაძე სუფთა ისტორიასა და წარსულში იმას გულისხმობდა, რომ ბაქარ ხიჯაკაძე ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო, შემდეგ “ქართულ ოცნებაშიც” იპოვა ადგილი და სულ ახლახანს ის მშობლიურ პარტიაში, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა.
ენმ-ის წევრი ქუთაისის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. უფრო მანამდე კი საკრებულოს წევრი და 2015 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორიც იყო. ხიჯაკაძე, როგორც ჩანს, პოლიტიკური გემოვნების შეცვლის შემდგომ, ზესტაფონში უკვე ბევრ პრობლემას ხედავს და მიიჩნევს, რომ ქალაქის პრობლემების გამოსწორება მხოლოდ მას და ენმ-ს შეუძლია.
“მინდა, შევიტანო წვლილი ამ ხალხის კეთილდღეობაში და მაქსიმალურად ჩავდო ჩემი რესურსი, გამოცდილება, მოღვაწეობის პერიოდში მიღებული ცოდნა, რაც 2017-18 წლებში საჯარო სამსახურში მუშაობის დროს მივიღე და მაქსიმალურად მუხლჩაუხრელად ვიშრომო. აღმოვფხვრა ყველა პრობლემა ამ რაიონში იმისთვის, რომ ის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი გახდეს”, – აცხადებს მერობის კანდიდატი.
დღეს, ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე ხიჯაკაძეს “კვირამ” შეკითხვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის შესახებაც დაუსვა. ის გოგლიჩიძეს ძლიერ მეტოქედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ არჩევნებში უკონკურენტოა. უფრო მეტიც, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რჩეული ამბობს, რომ გოგლიჩიძეს და მის ბიოგრაფიას არ იცნობს და იმ ეპიზოდის შესახებაც არ სმენია, თუ როგორ აღმოჩნდა მმართველი გუნდის წევრი ეტლით მოსარგებლე.
ენმ-ის მხრიდან მუქარა, ოჯახის დაშინება, თავდასხმა, ქრთამი, ზეწოლა – თავისი ცხოვრების რთული ეპიზოდების შესახებ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს ბოლო წლების განმავლობაში, არაერთხელ უსაუბრია.
აქტიური პოლიტიკური ცხოვრების და სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებების გამო, გოგლიჩიძე 2011 წლის 10 ნოემბერს ციხეში აღმოჩნდა და ზუსტად ერთ წელიწადში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საპყრობილე დატოვა, თუმცა თავისი ფეხით ვეღარ.
“კვირამ” ბაქარ ხიჯაკაძის მერობის კანდიდატად დასახელების შესახებ დღეს კომენტარი გიორგი გოგლიჩიძესთანაც ჩაწერა.
“მე მას ვერ დავარქმევ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი. მე ვერ ვიტყვი რამდენად მიცნობს და არ მიცნობს. ბატონი ბაქარი გაურბის იმ პასუხისმგებლობას, რასაც “ნაციონალური მოძრაობისგან” მისი კანდიდატურის წარდგენა ჰქვია. იცის საზოგადოებამ, მით უმეტეს, ზესტაფონმა, რომ ბაქარი “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში იყო მოქმედი პროკურორი. ზუსტად იმ წლებში, როდესაც ხდებოდა ასეთი დანაშაულებები, რისი მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი და ახლაც ამ მდგომარეობაში ვიმყოფები”, – განაცხადა გოგლიჩიძემ.