ზვიად კვაჭანტირაძე: ვინც ხმას მისცემს ამ “დრაკონულ” კანონს, ყველა გაიზიარებს ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე

„ვინც ხმას მისცემს ამ “დრაკონულ” კანონს, ყველა, უკლებლივ ყველა, პერსონალურად გაიზიარებს ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – ამ სიტყვებით მიმართავს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილ თანაგუნდელებს და მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კანონპროექტის კენჭისყრის დროს მხოლოდ საკუთარი სინდისით იმოქმედონ.
რაც შეეხება კანონპროექტს – ზვიად კვაჭანტირაძე მას „დრაკონულს“ უწოდებს და სოციალურ ქსელში სათაურით „ მორალური რუბიკონი ახლოვდება უკვე ყველასთვის !“ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მორალური რუბიკონი ახლოვდება უკვე ყველასთვის !!!!
ამ წუთებში, პარლამენტის სხდომაზე განიხილება უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ.
უმრავლესობის “ფლიგელი” დარბაზში, პრაქტიკულად, ცარიელია. ვისურვებდი, ეს ყოფილიყო პროტესტი ამ დრაკონული კანონპროექტის ძალდატანებით და ხელების გადაგრეხვით მიღების მეთოდების წინააღმდეგ, მაგრამ ვაი, რომ ასე არაა ….
სიტყვითაც მივმართე ცარიელ დარბაზს, მაგრამ არავინ ესწრებოდით – მხოლოდ 14 დეპუტატი უმრავლესობიდან.
მალე დაიწყება კენჭისყრა და, ალბათ, “ქუდზე კაცი” დაბრუნდებით დარბაზში.
აქაც დავწერ და იცოდეთ, რომ ვინც ხმას მისცემს ამ “დრაკონულ” კანონს,
ყველა, უკლებლივ ყველა, პერსონალურად გაიზიარებს ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ, კენჭისყრის დროს იხელმძღვანელოთ მხოლოდ საკუთარი სინდისითა და ვალდებულებებით მხოლოდ ხალხის, ამომრჩევლის და არა სხვა ნებისმიერი პირის, თუ პირთა ჯგუფის წინაშე“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები