მამუკა ბახტაძე: თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

„თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე.
ამასთან, მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ მომავალში ხელისუფლება ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით იხელმძღვანელებს.
„მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენს ბიუჯეტში კონსოლიდირებული იქნება, დაახლოებით, 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსია იმისთვის, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები, რაც არსებობს, შევამსუბუქოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს, – ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე, არანაირი საკადრო ცვლილება განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რაც გითხარით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ადგილზე კი გიორგი ქობულიას მოადგილე, ნათია თურნავა დანიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები