მარიამ ჯაშმა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე” გახსნა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასწავლო უნივერსიტეტ „გეომედისა” და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე” გახსნა.
„დღევანდელი სიმპოზიუმი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ციფრული ტექნოლოგიები და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია, ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, უკავშირდება მენტალურ ჯანმრთელობას. ჯანდაცვის სფეროს გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
​მისივე განცხადებით, არაერთ პროგრესს მიაღწიეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. თუმცა, მისივე თქმით, მასშტაბისა და ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე – კლინიკური მედიცინის კუთხითა და პრევენციული ღონისძიებების კუთხით, ამ სფეროში საჭიროა როგორც მეტი რესურსის ინვესტიცია, ასევე – პროფესიული კადრის გადამზადება და შესაძლებლობების განვითარება.
„სწორედ ამიტომ, კიდე უფრო მეტად საინტერესო და საყურადღებო გახლავთ დღევანდელი სიმპოზიუმი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ინიციატივებს დაედება საფუძველი დღევანდელი დღის შემდეგ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაშმა თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„რამდენიმე დღის წინ, პრემიერმინისტრმა ნამდვილად ისტორიული განცხადება გააკეთა. საქართველო მსოფლიო ბანკის, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, უპრეცედენტოდ ზრდის განათლების დაფინანსებას განათლებისა და მეცნიერების სექტორში.
2022 წლიდან საქართველოს კანონმდებლობაში ჩაწერილი იქნება, რომ, სულ მცირე, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც, დაახლოებით, ბიუჯეტის მეოთხედია, სწორედ განათლების სფეროზე იქნება მიმართული. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი ისტორიული ცვლილება მოვახდინოთ განათლების სექტორში, როგორიც მოხდა რამდენიმე წლის წინ, 2012 წელს ჯანდაცვის სფეროში.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს უაღრესად დიდი იმედი, რომ არა მხოლოდ ფინანსური რესურსების რაოდენობრივი ზრდა მოხდება, არამედ ხარისხობრივადაც იქნება მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობები ამ სფეროში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მიმართულებებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„მივესალმები და მოხარული ვარ ყველა იმ ინიციატივისა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტებს, რომ გაფართოვდეს მათი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები. დღეს, როდესაც შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით სიმპოზიუმი ტარდება, ვფიქრობ, რომ ნამდვილად მისასალმებელია. ნებისმიერი მსგავსი შეხვედრა, ნებისმიერი პროექტი და ინიციატივა, ბუნებრივია, არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისაკენ”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური საქმიანობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„თქვენც მოწმე ხართ იმ ცვლილებებისა, რაც ხდება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. არა მხოლოდ ფართოვდება დაფინანსების შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, არამედ იზრდება ქართველი მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებიც და სწორედ ეს არის ხარისხის ის გარანტიები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის ყველაზე ძლიერი საფუძველი იქნება”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები