მაია ცქიტიშვილი: პრობლემაა ის, რომ დღეს პორტის ოპერატორის სხვა მოდელია წარმოდგენილი

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პორტის მშენებლობის პროცესში სხვა ოპერატორი კომპანიაა ჩართული და მას პორტის ოპერატორის განსხვავებული მოდელი აქვს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.
“განცხადებები, სამწუხაროდ, ჩვენც გვაიძულებს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და არა მხოლოდ ის, რასაც გვაწვდის კონსორციუმი. ჩვენ ვისმენთ კონსორციუმისგან, რომ ოპერატორი არის „ეს ეს მარინი“ გიგანტი კომპანია. ვადასტურებ, რა თქმა უნდა, ამას კვლავ. მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ სხვა კომპანიაა ამ პროცესში ჩართული, არა შვილობილი, იმიტომ, რომ შვილობილიც რომ ყოფილიყო არავითარი პრობლემა იქნებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ არის განსხვავებული მოდელი პორტის ოპერატორისა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ხელშეკრულების პირობებით, კონკურსის პირობებით პორტის ოპერატორი უნდა ყოფილიყო ისევე როგორც სტრატეგიული ინვესტორი პორტის ოპერატორი უნდა ყოფილიყო გამოცდილი პორტის ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფდა სრულ კომერციულ საქმიანობას პორტის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ იქნებოდა ორგანიზაცია, ან კომპანია, რომელიც, უბრალოდ, კონტეინერების გადატვირთვას უზრუნველყოფს გარკვეულ დროში. არამედ, ეს არის ოპერატორი და უნდა ყოფილიყო ისეთი ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს პორტის კომერციულ საქმიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთმა ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პირველ ყოვლისა, პორტის საფასო პოლიტიკა – ზოგადად, კომერციული პოლიტიკა. ასეთმა ოპერატორმა უნდა მოიზიდოს ტვირთები, უნდა დაამყაროს ურთერთობები როგორც გადამზიდავ ხაზებთან, ასევე – სხვადასხვა ტვირთების მფლობელებთან და როდესაც ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ და მის მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის, ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ ეს არ არის პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს მხოლოდ ჩვენს ქართულ შიდა ტვირთებს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის პორტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის ტვირთის ეკონომიკური ნაკადები, რომელიც აზიასა და ევროპას და პირიქით აკავშირებს ერთმანეთთან.
„მნიშვნელოვანია, რომ პორტის ოპერატორი იყოს კომერციული ოპერატორი, რომელსაც ექნებოდა სრული პასუხისმგებლობა ტვირთების მოზიდვაზე, ტვირთების დამუშავებაზე, სწორი საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე და, შესაბამისად, ამ პორტის ოპერატორს უნდა გაეზიარებინა ყველა ის კომერციული რისკი, რომელიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა. იმის გათვალისწინებით, რომ არის რთული რეგიონი, იმის გათვალისწინებით, რომ არის ახალი პორტი; იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ისეთი ბაზარი, რომელიც ასათვისებელია და რომელიც განსავითარებელია; ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიღებთ იმ მცირე კომპანიის, ანუ სხვა ზომის კომპანიის, სხვა მასშტაბისა და სხვა გამოცდილების, მათ შორის მოცულობის მქონე კომპანიის მხოლოდ 5 თანამშრომელს. ქართულ კომპანიაში, რომელიც იქნება ერთობლივად დაფუძნებული ანაკლიის კონსორციუმთან და ვიღებთ მოდელს, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის კომერციული ოპერატორი პორტის. ხოლო ის კომპანია, სადაც იმუშავებს 5 კაცი,  იქნება მხოლოდ ტექნიკური ოპერატორი. ანუ ის კომპანია იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმაზე,რომ პორტი, როგორც ტექნიკური სტრუქტურა, ოპერირების თვალსაზრისით, დროულად გადმოტვირთავს გემებს, დროულად და უსაფრთხოდ განათავსებს კონტეინერებს და მოემსახურება ტვირთის მფლობელებს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი