ქეთევან ციხელაშვილი: ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

0

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო – როდესაც საქმე ეხებოდა ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევებს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ამასათან, სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე.
„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო – როდესაც საქმე ეხებოდა ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევებს. ცალსახა მოწოდებაა რუსეთისადმი, რომ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი მოხსნას, რაც გარემოებების დადგენას შეუწყობდა ხელს. ჩვენი პარტნიორები აბსოლუტურად ერთიანები არიან პოზიციაში. ყურადღება არის მაქსიმალურად მობილიზებული და ახლა დროა, ასეთი ნაბიჯები გადაიდგას რუსეთის მხრიდან. მისი მდგომარეობა, როგორც საოკუპაციო ძალისა და ეფექტური კონტროლის გამახორციელებლისა, ადგილზე არ ათავისუფლებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისგან; მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი ვალდებულება არის ცხადზე ცხადი“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია, 10 მარტს, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს, ენგურის ხიდზე გადასცეს.
ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი