ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლის ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის დაფინანსება არ არის მოზიდული, პირველი გემის შემოსვლის ვადა გადაიწევს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „2018 წლის სექტემბერში, დაიწყო ის სამუშაოები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ – ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების წინასწარი პირველი ფაზა. იმისთვის, რომ ეს სამუშაოები დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში; გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით მანამ, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები. არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და, რაც მნიშვნელოვანია, კონსურციუმს არ ჰქონდა მოზიდული საკუთარი დაფინანსება და, ასევე, არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის გახორციელებისთვის. ასევე, გავათავისუფლებთ კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს; თუმცა, ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ, დაახლოებით, 60%-ით არის შესრულებული. არ არის მოზიდული დაფინანსება და, აქედან გამომდინარე, ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია. პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსურციუმს და გრაფიკითაც გვაქვს გათვალისწინებული 2020 წლის ივლისში. პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული”,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი