გიგა ბოკერია: არ შეიძლება, ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს

0

“არ შეიძლება, ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, თან – ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკაში აღარასოდეს იყოს სიძულვილი და ამით ტკბობა. „ჩვენი საზოგადოების პრობლემა, სიძულვილისა და კლოუნადის გარდა, რომელზეც სერიოზულად კომენტარის გაკეთება რთულია, არის ის, რომ თეა წულუკიანი ივანიშვილის გუნდის განსახიერებაა. აი, გულის გულია. დღეს რომ გამოდიოდა და გადავხედე, 2013 წლის გამოსვლას ჰგავდა – მაშინაც არაადეკვატური იყო. ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ, როცა მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს, დარბაზიც „ქართული ოცნების“ მხარეს გამოცოცხლდა – ეს უხარიათ. სხვა არაფერი „გასახარებელი“ ამ ხალხს არ აქვს. მაგრამ ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე სურათია. არ შეიძლება, ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს. დანარჩენი მისი პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით სავსე რომ არის; მაგრამ ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ხალხი, დღემდე, ხელისუფლებაშია. ამიტომ, ეს უნდა დავასრულოთ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ​ქალბატონმა წულუკიანმა ამაყად ბრძანა, რომ მე არსად გავიქცევიო. „ევროპული საქართველოსა“ და დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანაა, რომ საქმე გასაქცევად არავის ჰქონდეს. ჩვენ არ ვიბრძვით ხალხის ნდობისთვის- იმისთვის, რომ იმ ხალხს, ვინც გვაწყენინა, ან გვატკინა, ანგარიში გავუსწოროთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კატასტროფული კურსი შევცვალოთ; ასევე – ქვეყანაში არასდროს იყოს მთავარი მიზანი პოლიტიკური სიძულვილი და ამით ტკბობა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი