ცქიტიშვილი: ანაკლიის გენგეგმით ჩატარებული სამუშაოები, შესაძლოა, დამატებით ცვლილებებს მოითხოვდეს

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გენგეგმა, სავარაუდოდ, იცვლება და შესაძლოა, ჩატარებული სამუშაოები დამატებით ცვლილებებს მოითხოვდეს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„2016 წლის ოქტომბრიდან პირველი წლის განმავლობაში, კონსორციუმის ძირითადი საქმიანობა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, სხვადასხვა კვლევას, გენგეგმის შემუშავებას შეეხებოდა, რაც იქნა შესრულებული. ამაზე სამთავრობო კომისია კონსორციუმთან ერთად მუშაობდა და ამ ნაწილშიც ჩვენ შევითანხმეთ გენგეგმა თვითონ პორტის განვითარების კონტურები და ეტაპები. თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გენგეგმა, სავარაუდოდ, იცვლება და შესაძლოა, ის სამუშაო, რომელიც იმ დროს იყო ჩატარებული, დამატებით ცვლილბებს მოითხოვდეს.
​ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ, რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას, ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს, იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის. მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შერჩეული იქნებოდა მშენებელი და შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია, პორტის ოპერატორი და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები 40 მილიონის დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი