მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით, არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა მიმდინარეობს

0

“მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ანაკლიის პორტის საკითხი უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და, თითქოს, ანაკლიის პორტის აშენებით, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ბოლო დროს, მედიაშიც, საზოგადოებაშიც, პარლამენტშიც ანაკლიის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად. ერთი თვის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და მაშინ სულ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ საკითხზე. თუმცა, მას შემდეგ, ანაკლიის პორტის თემაზე ძალიან ბევრი ვერსია – სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და, პირველ ყოვლისა, უშუალოდ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ანაკლიის პორტის საკითხი კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვებს უკავშირდება და, თითქოს, ანაკლიის პორტის აშენებით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.
„აქედან გამომდინარე, ვისარგებლე ჩემი უფლებით, მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის თაობაზე. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს თხოვნა გაითვალისწინეთ. ვეცდები, თქვენს ყველა შეკითხვას გავცე პასუხი და ერთად ამოვწუროთ ეს საკითხი“, – მიმართა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი