მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესში უნდა უზრუნველყოს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მიყვანა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სხვა სახის ფინანსური მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა და ეს იყო ცნობილი ყველა იმ პრეტენდენტისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში. „2014 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე. გამარჯვებულ ინვესტორს, დადგენილ ეტაპებსა და ვადებში, საკუთარი დაფინანსებით, უნდა აეშენებინა 100 მილიონი ტონა გამტარუნარიანობის ღრმაწყლოვანი პორტი; 50 წლის განმავლობაში მოეხდინა მისი ოპერირება, რის შემდეგაც პორტი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამისთვის, მთავრობამ უნდა გადასცეს ინვესტორს 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, უზრუნველყოს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მიყვანა, ხოლო არანაირი სხვა სახის ფინანსური მონაწილეობა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა და ეს იყო ცნობილი ყველა იმ პრეტენდენტისთვის, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში. ინტერესი გამოხატა მაშინ 12-მა კომპანიამ. მას შემდეგ, შერჩევის პროცესის შემდეგ, 7 კომპანიას მიეცა შესაძლებლობა დამატებითი შემოთავაზების გაკეთებისა. ამ პროცესის ბოლოს დეტალური და საბოლოო წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ და ეს იყო ანაკლიის განვითარების კონსორქციუმი, რომელიც, 2016 წლის თებერვალში, გამოცხადდა გამარჯვებულად და დაიწყო უკვე სახელშეკრულებო პროცესი -მოლაპარაკება ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით”,-აღნიშნა მინისტრმა