მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან

0

„რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების საკითხს – ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და „ჰიუნდაის“ (Hyundai Samo Heavy Industries) შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწო. მისი თქმით, მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკის რვაპუნქტიანი მოთხოვნის შესახებ შეხვედრა შესაძლოა, აპრილში გაიმართოს. „რაც შეეხება დაფინანსებას – დაფინანსებაზე სრული პაკეტი შეკრულია, როგორც განვაცხადეთ, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი კრედიტორების, მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკის მოთხოვნას რვა პუნქტთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ სახელმწიფო უკვე საქმის კურსშია – ერთი თვის წინ იყო შეხვედრა და ზუსტად ერთი კვირის წინ, მათ უკვე წერილობითი ფორმით მიაწოდეს საქართველოს მთავრობას აღნიშნული რვა პუნქტის შესახებ თავიანთი მოსაზრება. როგორც ვიცი, მთავრობა განიხილავს ამ საკითხებს. ჩვენი ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში, იქნება შეხვედრა ბანკებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, საერთო ენა გამოინახება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, ტვირთბრუნვაზე გარანტია კონსორციუმის მოთხოვნა არ არის. „კონსორციუმის მოთხოვნა ეს არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი 70 მლნ დოლარის ინვესტირება უკვე გავახორციელეთ. ჩვენი ინვესტორების, ამერიკელი პარტნიორების, ასე ვთქვათ, აქციონერების მხრიდან, რომლებმაც ეს კონსორციუმი დააფუძნეს, თანხა მობილიზებულია. საუბარია 400 მლნ დოლარზე უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. მათ აქვთ თავიანთი მოთხოვნა და სწორედ ამ მოთხოვნების განხილვა არის. ეს არ არის ჩვენი კონსორციუმის მოთხოვნა. თქვენ იცით, რომ ჩვენ მოვყევით საკმაოდ დიდ ქარცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან. რაც შეეხება ანაკლიას – ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძის ინფორმაციით, პროექტის სამშენებლო პროცესი კონსორციუმს არ შეუჩერებია – გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი. „სამშენებლო პროცესი, ამას ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გაგვიჩერებია არც ერთი დღითა და არც ერთი წამით. პროექტის სამშენებლო პროცესი არ გადადებულა – გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, დამოკიდებულია იმ რვა პუნქტის შეთანხმებასთან. ფინანსური დახურვა ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას, თუ, რა თქმა უნდა, უახლოეს თვეებში, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, დღეს, კონსორციუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება. „ეს არის სამხრეთ კორეული „ჰიუნდაი“, რომელიც აწარმოებს, პრაქტიკულად, ყველაფერს, მათ შორის – ყველა დანადგარს, რომელიც გვესაჭიროება; ასევე, ძალიან დიდი მწარმოებელია გემთმშენებლობაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა, რამეთუ ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის – სცდება მხოლოდ პორტის მშენებლობას. ჩვენი მომავალი პარტნიორობა იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ და იმისკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე.

კომენტარები

კომენტარი