თეა წულუკიანი: როცა ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყნიდან კი არ მოვცოცხავ, არამედ “ქართული ოცნების” გვერდით ვიდგები

0

ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმ დილით, მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის გვერდით ვიდგები – მათ ეს იციან. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მინდა, მივმართო ​პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ჩვენს რაიონებში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოთმინებით იტანენ ამ ყველაფერს – ჩვენთან ერთად. მათ იციან, დიახ, ქალბატონო სალომე –  ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება შეიცვლება, რადგან ამ ქვეყააში ჩვენ მოვიტანეთ დემოკრატია, რომლის თანახმადაც, მთავრობები მოდიან, მთავრობები მიდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ რომ წავალთ, თქვენ მოხვალთ. იშრომეთ ამისთვის. ხალხს არ აქვს მოკლე მეხსიერება. რა თქმა უნდა, ჩვენ, ერთ დღეს, წავალთ, მაგრამ ჩვენ რომ წავალთ, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა, ვინც აქ ზის, მიუხედავად იმისა, რომ მე მათი პარტიის წევრი არ ვარ, ისინი, ვინც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ვინც აქ ისხდნენ და წავიდნენ და ჩემი თანამებრძოლები არიან, გასულები არიან დღეს უკვე უმრავლესობიდან. თითოეულმა აქტივმა სვანეთში, სამეგრელოში, კახეთში და სხვაგან იციან, ხელისუფლება რომ შეიცვლება. იმ დილით, მე ჩემოდანს კი არ ჩავალაგებ და კი არ მოვცოცხავ, არამედ მათ გვერდით ვიდგები, მათ ეს იციან. აი, ეს არის სწორედ ის გენდერული თანასწორობა, მათ შორის – პოლიტიკური სიმამაცე, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. მაგრამ მე თქვენ დაგიცავთ, ქალბატონო თინა. როდესაც თქვენი უხამსი სააკაშვილი ჩერჩილზე ანეკდოტებს მოყვება, მე ეს კი არ მადარდებს; მაგრამ მე ამას ყურში კი ნუ მეჩურულებით. ჩემმა ლიდერმა რა ცუდი ანეკდოტი მოყვა, საჯაროდ გამოდით და თქვით, რომ ეს იყო გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს მიმართა, რომ ის ცრუობდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ბევრი მოწმე არსებობს, რომელმაც გაიგო, როგორ თქვა თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს, გენდერული ნიშნით, თავს ესხმოდა.
„მე არ ვტყუი. ამდენი მოწმე არის. ამბობდა, რომ ჩემი ლიდერი თქვენ თავს გესხმით, გენდერულადო. დიახ, გილოცავთ ამ დიპლომებს, მაგრამ ნუ გრცხვენიათ იმის, რომ თქვენი ლიდერი ჩემთან გააკრიტიკეთ. ბატონო გიგა, თქვენ როდესაც შეგყავართ პოლიტიკურ რიტორიკაში, მე ამ პოლიტიკურ რიტორიკაში ყოველთვის შემოვალ. მე მოველი, რომ თქვენ არ გეწყინებათ, რომ პოლიტიკურ დებატში – თუ დებატია, დებატი იყოს -ხანდახან, მოგიგებთ კიდეც“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი