მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მთავრობა ორ ცვლილებას დათანხმდა

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მთავრობა ორ მნიშვნელოვან ცვლილებას დათანხმდა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, პირველი ცვლილება ეხებოდა პორტის განვითარების ეტაპების მნიშვნელოვან გადავადებას. მეორე ცვლილებით მთავრობა დათანხმდა 100 მილიონი დოლარის ოდენობით სუბორდინირებული სესხის გაცემაზე. „ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე, მთავრობა დათანხმდა ორ მნიშვნელოვან ცვლილებას – ორ დიდ განსხვავებას იმისგან, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე. პირველი ცვლილება ეხებოდა ეტაპებს, როდესაც მნიშვნელოვნად გადავადდა პორტის განვითარების ეტაპები. ხოლო მეორე ცვლილებით მთავრობა დათანხმდა 100 მილიონი დოლარის ოდენობით სუბორდინირებული სესხის გაცემაზე, რომელიც უნდა დაიფაროს 400 მილიონი დოლარის (ძირითადი სესხების) დაფარვის შემდეგ და რომელსაც კონსურციუმი – მიუხედავად იმისა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის სესხი, მაგრამ ეს არის სუბორდინირებული სესხი, რაც ნიშნავს მათ შორის იმას, რომ კონსორციუმი იყენებს ამ თანხას საკუთარი კაპიტალის შევსების სახით და, შესაბამისად, მას საკუთარი კაპიტალის სახით შესავსები აქვს 100 მილიონი დოლარის ნაკლები თანხა. სხვა ცვლილებები და დაზუსტებებიც გვქონდა მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, რვათვიანი მოლაპარაკების შედეგად 2016 წლის 3 ოქტომბერს ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას და ამით დაიწყო ის ურთიერთობა რომლიც ჩვენ დღეს გვაქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და შეიძლება ვთქვათ, რომ დაიწყო ანაკლიის პორტის პროექტის შესრულება”,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები